ზაალ ანჯაფარიძე „გამჭვირვალობის კანონზე“: კანონზე რომ შინაარსობრივი დისკუსია შემდგარიყო, მასში ცვლილების შეტანის სივრცე და ნებაც არსებობდა
ექსპერტმა ზაალ ანჯაფარიძემ ამერიკელი ექსპერტის ლინკოლნ მიტჩელის მიერ „გამჭვირვალობის კანონის“ რუსულ კანონად მოხსენიება შეაფასა და აღნიშნა, რომ მან ან ვერ გამოიტანა შინაარსი ან უარესი შესანიშნავად გაიგო, მაგრამ იტყუება.
ანჯაფარიძემ, ასევე ბრიტანეთის ელჩს, მარკ კლეიტონს უპასუხა, რომლის თქმითაც, საქართველოში ზემოთ ხსენებულ კანონზე დებატები არ მომხდარა. ექსპერტმა აღნიშნა, რომ ეტყობა ელჩს გამორჩა მხედველობიდან ან განზრახ “დაავიწყდა,” რომ ყველა ადგილობრივ თუ გარეშე დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის პრემიერ-მინისტრის დონეზე, არაერთხელ შესთავაზეს კანონზე შინაარსობრივი დისკუსიების გამართვა, თანაც საჯაროდ.
„ახლახანს ცნობილმა ამერიკელმა ექსპერტმა ლინკოლნ მიტჩელმა (ადრე „ქართულ ოცნებასთანაც უმუშავია) აშშ-ის კონგრესში გამართულ ბრიფინგზე წარმოუდგენელი რამ დაახეთქა, რომ თითქოს საქართველოს მთავრობამ რუსეთის იდენტური კანონი წარადგინა. ან კანონი თავად არ წაიკითხა და აქაური ენჯეოების დაწერილ დასკვნებს დაენდო, ან უფრო უარესი – წაიკითხა, შინაარსი ვერ გამოიტანა და ვერ იპოვა განსხვავება, და კიდევ უფრო უარესი – წაიკითხა, შესანიშნავად გაიგო, მაგრამ იტყუება. საქართველოში ბრიტანეთის ელჩი, მარკ კლეიტონი აცხადებს, რომ მის ქვეყანაში ანალოგიურმა კანონმა ხანგრძლივი დებატები გაიარაო ვიდრე პარლამენტში წარდგებოდაო. საქართველოში კი ეს არ მომხდარაო.
ჯერ ერთი საქართველო ბრიტანეთი არაა და არც მისი წესების ასლის გადამღები აპარატი. ეტყობა ელჩს გამორჩა მხედველობიდან ან განზრახ “დაავიწყდა,” რომ ყველა ადგილობრივ თუ გარეშე დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის პრემიერ-მინისტრის დონეზე, არაერთხელ შესთავაზეს კანონზე შინაარსობრივი დისკუსიების გამართვა, თანაც საჯაროდ. პასუხი იყო ან იგნორი ან შინაარსობრივ დისკუსიაში არ შევდივართ, რატომ? იმიტომ! კანონზე რომ შინაარსობრივი დისკუსია შემდგარიყო, მასში ცვლილების შეტანის სივრცე და ნებაც არსებობდა. ეხლა კი როგორც უკრაინული ანდაზა ამბობს: Бачили очі, що купували- тепер їжте, хоч повилазьте“, – წერს ანჯაფარიძე.