დავით მათიკაშვილი: ყველა პირობაა, სადამკვირვებლო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდეს, ვინმეს თუ არ სურს დემოკრატიულ პროცესებში ჩართვა, ახსნას, რატომ არის კანონი პრობლემა
“ყველა პირობაა შექმნილი, როგორც წინა არჩევნებში, რომ სადამკვირვებლო პროცესები მშვიდ და საქმიან ვითარებაში მიმდინარეობდეს, ვინმე თუ გადაწყვეტს, რომ არ სურს ამ დემოკრატიულ პროცესებში ჩართვა, ეს ნიშნავს, რომ მას არ სურს დემოკრატიულად პროცესების განვითარება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილმა კომენტარი გააკეთა ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინის განცხადებაზე, რომელიც „ამერიკის ხმის“ ქართულ გამოცემასთან ინტერვიუსას გააკეთა, რომ „ე.წ. აგენტების შესახებ კანონის ფარგლებში, საქართველოში არასამთავრობო სექტორის მუშაობა, ასევე ამერიკული NDI-სა და IRI-ის მუშაობა შეუძლებელი გახდება“.
„ბოლო პერიოდში ვნახეთ შემთხვევები, როდესაც, თუ არ ვცდები, NDI აფინანსებს ისეთ პროცესს, რომელიც ეხება არა პარტიის და მისი შიდასტრუქტურის გაძლიერებას, რასაც მხოლოდ მივესალმებით, არამედ კონკრეტულ საარჩევნო პროცესში რადიკალური ოპოზიციური ჯგუფების დაფინანსებას. ეს არ გამომდინარეობს იმ პასუხისმგებლობისგან და ვალდებულებისგან, რაც სადამკვირვებლო მისიას უნდა გააჩნდეს საქართველოში, ზოგადად ქვეყანაში, რამეთუ უკვე შეგვიძლია, შევიტანოთ გარკვეული ეჭვი იმ დასკვნის ობიექტურობაში, რომელსაც ასეთი ორგანიზაცია გამოაქვეყნებს არჩევნებზე და რომელიც, თავის მხრივ, რადიკალურ-ოპოზიციურ ძალებს აფინანსებს საარჩევნო პროცესებში.
რაც შეეხება სურვილებს ჩვენს ქვეყანაში ყოფნისა და ურთიერთობის გაგრძელების, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით. კარი ყველასთვის ღიაა, ვისაც აქვს სურვილი, ჩვენს საარჩევნო პროცესებს დააკვირდეს. ყველა დემოკრატიული პირობაა შექმნილი, როგორც წინა არჩევნებში, რომ სადამკვირვებლო პროცესები მიმდინარეობდეს მშვიდ, წყნარ, საქმიან ვითარებაში. ვინმე თუ გადაწყვეტს, რომ არ სურს ამ დემოკრატიულ პროცესებში ჩართვა, ეს ნიშნავს, რომ მას არ სურს დემოკრატიულად პროცესების განვითარება. ყველა ორგანიზაციამ საკუთარი პასუხისმგებლობის ქვეშ უნდა მიიღოს ასეთი განცხადებები და ახსნას, განმარტოს, დემოკრატიულ პროცესში ჩართულობა რატომ უქმნით პრობლემას და რატომ არის გამჭვირვალობის შესახებ კანონი რომელიმე ორგანიზაციისთვის რაიმე სახის პრობლემა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.