top_leaderboard
left_sabechdi

სტიქია ბაღდათში – კომპანია “ზეკარი” ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს

ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიამ პრობლემები შექმნა. ადიდებულმა მდინარე ხანისწყალმა მაღალმთიანი სოფელი ხანი გარესამყაროს მოწყვიტა.

მდინარემ სოფელთან მისასვლელ ცენტრალურ გზას საძირკველი გამოაცალა, რის გამოც გზაზე გადაადგილება საფრთხისშემცველია. ხანს, სადაც 275 ოჯახი ცხოვრობს, არც ელექტროენერგია მიეწოდება, რადგან სტიქიამ ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა.

ადიდებულმა მდინარემ ზეკარის ხეობაში არსებული მინერალური წყლების საწარმოც დააზარალა. მდინარე ხანისწყალმა კალაპოტი გაარღვია და კომპანია “ზეკარის” ტერიტორია დატბორა.

ამ დროისთვის, ზარალის დათვლა მიმდინარეობს. დაზიანებულია საწარმოს დანადგარები. კომპანიის წარმომადგენლები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ, რათა სწრაფად მოხდეს ქარხნის რეაბილიტაცია და აღდგეს სამუშაო პროცესი. კომპანია “ზეკარში” ადგილობრივები არიან დასაქმებულები და მათ ძირითად შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. შესაბამისად, კომპანიას ხელისუფლების დახმარების იმედი აქვს. ზარალი შესასწავლია. წყალმა დატბორა საწარმოს ეზოც და დააზიანა შენობა-ნაგებობები. ძლიერი ნაკადისა და წყლის დონის გამო, საწარმოს თანამშრომლები ვერ ახერხებენ ქარხნის შიდა პერიმეტრზე შესვლას.

კომპანია “ზეკარის” ხელმძღვანელობა ხელისუფლებას დახმარებას და ადგილზე არსებული სიტუაციის სწრაფად შესწავლას სთხოვს, რათა საწარმომ ფუნქციონირების აღდგენა შეძლოს. ამ დროისთვის, უცნობია ზარალის ზუსტი ოდენობა, თუმცა როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, ზარალი მასშტაბურია და შესაბამისი კომისია ზარალს ითვლის. ასევე, სოფელ ხანთან მისასვლელად ალტერნატიული გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ასევე იხილეთ