leaderboard_below_slide
left_sabechdi

პრემიერი: 90-იანი წლებიდან გერმანიამ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარებაში, მადლობა გერმანულ სახელმწიფოს, გერმანელ ხალხს და გერმანელ მეგობრებს ამისათვის

„33 წლის მანძილზე საკმაოდ რთული ისტორია განვვლეთ, იყო მრავალი განსაცდელი, მათ შორის, იყო 4 ომი, რომელიც გამოვიარეთ ამ სამი დეკადის განმავლობაში. ეს იყო სახელმწიფოებრიობის განვითარების, ჩამოყალიბების ძალიან რთული გზა და ამ გზაზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი მეგობრების მხარდაჭერას“, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ბერლინში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გერმანული სახელმწიფოს და გერმანელი ხალხის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ იყო განსაკუთრებულზე განსაკუთრებული.

„დიდი მადლობა ამ ღონისძიებაზე მობრძანებისთვის, რომელიც ეძღვნება საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას. ჩვენ დამოუკიდებლობა აღვიდგინეთ 33 წლის წინ, 1991 წელს. მე მახსოვს, ჩვენს თაობას და ჩვენს უფროს თაობას ახსოვს გასული საუკუნის 80-იანი წლები, როდესაც ქართველები იბრძოდნენ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისთვის. 1988 წელს გაიმართა პირველი მასშტაბური დისიდენტური აქცია და მაშინ არავის სჯეროდა, რომ სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში შეიძლებოდა ჩვენი ოცნება ახდენილიყო და საქართველო კვლავაც გამხდარიყო დამოუკიდებელი სახელმწიფო, თუმცა სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში ეს ოცნება ახდა და 1991 წელს გამოცხადდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. სიმბოლურია, რომ დღევანდელ ღონისძიებას ესწრება პირველი პრეზიდენტის ვაჟი, ბატონი კონსტანტინე გამსახურდია, მივესალმები მას განსაკუთრებულად.

ჩვენ ამ 33 წლის მანძილზე საკმაოდ რთული ისტორია განვვლეთ, იყო მრავალი განსაცდელი, მათ შორის, იყო 4 ომი, რომელიც გამოვიარეთ ამ სამი დეკადის განმავლობაში. ეს იყო სახელმწიფოებრიობის განვითარების, ჩამოყალიბების ძალიან რთული გზა და ამ გზაზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი მეგობრების მხარდაჭერას. აქ უნდა აღინიშნოს, რომ გერმანული სახელმწიფოს და გერმანელი ხალხის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ იყო განსაკუთრებულზე განსაკუთრებული. ჯერ კიდევ 80-იანი წლებიდან ჩვენ ვგრძნობდით ამ მხარდაჭერას, დახმარებას გერმანიის მხრიდან და მას შემდეგ, რაც საქართველომ აღიდგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, კიდევ უფრო მძაფრად განვიცადეთ ამ მხარდაჭერის სარგებელი საკუთარ თავზე. 90-იანი წლებიდან გერმანიამ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარებაში, ჩამოყალიბებაში და მადლობა კიდევ ერთხელ გერმანულ სახელმწიფოს, გერმანელ ხალხს და ჩვენ გერმანელ მეგობრებს, გერმანელ სტუმრებს ამისათვის“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე იხილეთ