პარლამენტის დათხოვნის გადაწყვეტილების შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის რეიტინგი 6 პროცენტით შემცირდა. ამას მოწმობს BVA Xsight-ის მიერ ფრანგულ რადიოსადგურ RTL-ისთვის ჩატარებული გამოკითხვა.
გამოკითხვამ აჩვენა, რომ მაკრონზე კარგი აზრი აქვს გამოკითხულთა 26%-ს, რაც მაისის მაჩვენებელზე 6 პროცენტით ნაკლებია. გამოკითხულთა 74%-მა განაცხადა, რომ მასზე ცუდი აზრი აქვს.
RTL-ის ცნობით, მაკრონი არასოდეს ყოფილა ასეთი არაპოპულარული, თუნდაც 2023 წლის აპრილში, საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ პროტესტისა და 2018 წლის ნოემბერში, „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის ფონზე.
ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა.
ევროპარლამენტის არჩევნებში გამარჯვებას მარინ ლეპენი ისტორიულ შანსს უწოდებს და აცხადებს, რომ მის პარტიას საშუალება ეძლევა საფრანგეთი ჩვეულ გზაზე დააბრუნოს.
Ifop-Fiducial-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანება“ საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების 35%-ს მიიღებს.