left_sabechdi

ქუთაისში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ახალი ოფისი გაიხსნა

ქ. ქუთაისში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ახალ შენობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ დაათვალიერა და  სამუშაო პროცესს გაეცნო.

შენობა აღჭურვილია უმაღლესი სტანდარტების ყველა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით. ახალ ოფისში დასავლეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი ინსპექტირებისა და სწრაფი რეაგირების 129 თანამშრომელი განთავსდება. დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორია იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთს მოიცავს.

მინისტრის განმარტებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერება გარემოს დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია.

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლი სამინისტროს სისტემაში, რომლის მთავარი ამოცანაა ჩვენი უნიკალური ბუნების დაცვა, გარემოზე ზიანის მიყენების პრევენცია და კონტროლი. შესაბამისად, ჩვენ პრიორიტეტად დავისახეთ, რომ ეს სამსახური მაქსიმალურად გავაძლიეროთ, თანამშრომლები უზრუნველყოფილი იყვნენ ყველ საჭირო აღჭურვილობით, ტექნიკით, სატრანსპორტო საშუალებებით, იმისთვის, რომ სათანადოდ განახორციელონ მათზე დაკისრებული ძალიან მნიშვნელოვანი უფლებამოსილება. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურა და ამ კუთხითაც აქტიურად ვმუშაობთ. ამის  მაგალითია ქუთაისში გახსნილი ახალი, თანამედროვე სტანდარტების ოფისი. ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. ყველა რეგიონში ასეთი ტიპის ოფისები უნდა გვქონდეს და ამას ძალიან მალე დავასრულებთ“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ახალ შენობაში, მინისტრთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ლევან ჯღარკავა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი იმყოფებოდნენ.

ასევე იხილეთ