left_sabechdi

გიორგი მამარდაშვილი: ჯერ დაკარგული არაფერია, წინ მესამე მატჩი გველის, ბრძოლა გრძელდება

საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა საქართველო-ჩეხეთის მატჩი შეაფასა.

„რთული თამაში გამოვიდა, ბოლოს მოგებაც შეგვეძლო და ამაზე გული გვწყდება. ამ ორ თამაშში გამოჩნდა ის სულისკვეთება რა გვაქვს. მინდა, მადლობა ვუთხრა ქართველ გულშემატკივარს, ვინც თამაშზე მოვიდა და დაგვეხმარა, რომ ეს ქართული სულისკვეთება გამოგვემჟღავნებინა. ქომაგებმა საოცარი ატმოსფერო შექმნეს და რომ არა ისინი, ასე ვერ ვითამაშებდით.

შემდეგი თამაში პორტუგალიასთან გვაქვს, რომელიც ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია, მაგრამ ფეხბურთია, ყველაფერი ხდება. მწვრთნელებთან ერთად განვიხილავთ პორტუგალიის თამაშებს და იმის მიხედვით დავგეგმვათ, რას დავუპირისპირებთ მათ. ჩვენ ჩვენს გასაკეთებელს გავაკეთებთ და ვნახავთ რა მოხდება.

ყველაზე მეტად საბა ლობჟანიძეს სურდა ბურთის გატანა. თამაშის შემდეგ გავამხნევეთ, მაგარი ფეხბურთელია, თავი არ უნდა დახაროს და ბრძოლა გააგრძელოს. მისთვისაც სასიხარულო და საამაყოა, რომ ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოვიპოვეთ.

როდესაც ასეთ ტურნირზე ვთამაშობთ, უფრო მეტი კონცენტრაცია გვმართებს. ყურადღების მოდუნებას მეტოქე არ გვაპატიებს, ასე მოგვივიდა პირველად გოლზე, რომელიც არ ჩაითვალა და მეორე ეპიზოდშიც, როცა ჩეხებმა ანგარიში გაათანაბრეს.

თუმცა, ჯერ დაკარგული არაფერია, წინ მესამე მატჩი გველის, ბრძოლა გრძელდება“,– განაცხადა მამარდაშვილმა “პირველ არხთან”.

 

ასევე იხილეთ