ანზორ მექვაბიშვილი: მინდა, ქართველ ხალხს ვუთხრა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პორტუგალიასთან ჩვენი ნამდვილი სახე ვაჩვენოთ
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველის, ანზორ მექვაბიშვილის განცხადებით, პორტუგალიასთან მატჩისთვის ყველაფერს გააკეთებენ, რომ „ნამდვილი სახე აჩვენონ“. ამის შესახებ ფეხბურთელმა საქართველო-ჩეხეთის მატჩის შემდეგ განაცხადა.
„დღევანდელ თამაშს მაინც დადებითად შევაფასებდი, მინდა მივულოცო ქართველ ხალხს პირველი ქულა ევროპის ჩემპიონატზე, მაგრამ ვერ მოვიგეთ და დაგეგმილი 3 ქულა ვერ მოვიპოვეთ. გვქონდა ძალიან კარგი მომენტები და შანსები ამისთვის, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. ვფიქრობ, უიღბლობა აქაც ჩანდა.
ის დავალებები, რაც მწვრთნელმა მოგვცა, სანახევროდ შესრულდა და მეტიც შეიძლებოდა გაგვეკეთებინა. მინდა ქართველ ხალხს ვუთხრა, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პორტუგალიასთან ჩვენი ნამდვილი სახე ვაჩვენოთ”, – განაცხადა ანზორ მექვაბიშვილმა.
ცნობისთვის, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
26 ივნისს საქართველოს ნაკრები გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.