2024 წ. 28 თებერვალს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე ფედერიკო II-ის სახელობის ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ მატეო ლორიტოს მიწვევით იტალიისა და ევროპის ამ უძველეს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელს ესტუმრა.
ფედერიკო II-ის სახელობის ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც ყველაზე ავტორიტეტული და გავლენიანი სამეცნიერო-საგანმანათლებლო ინსტიტუციაა იტალიაში, 1224 წელს დაარსდა და მიმდინარე წლის 5 ივნისს პირველი ევროპული სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის 800 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნება, რომელში მონაწილეობა და მოხსენებით წარდგომა რექტორმა მ. ლორიტომ ოფიციალურად შესთავაზა რექტორ ზ. ხონელიძეს.
პროფესორმა მ. ლორიტომ სრულიად გაიზიარა აღნიშნული კონცეფციის სულისკვეთება და შენიშნა, რომ თანამედროვე ეპოქაში, როცა გლობალიზაციის მიღმა არავინ და არაფერი რჩება, სწორედ უნივერსიტეტებმაც, როგორც პროგრესისა და თავისუფლების სინერგიის ინსტიტუციებმა, უნდა იკისრონ პასუხისმგებლობა მშვიდობის უზრუნველყოფის პერსპექტივით.
მისი თქმით, ის დაწვრილებით გაეცნო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიას, აფხაზეთში ომის მიზეზებსა და შედეგებს. რექტორმა მ. ლორიტომ შენიშნა, რომ ის საუნივერსიტეტო მისია, რომელიც რექტორ ზ. ხონელიძის ინიციატივით შემუშავდა, ძალიან მნიშვნელოვანი და მხარდასაჭერია. ამიტომ ფედერიკო II-ის სახელობის ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტი გამოდის წინადადებით, რომ სოხუმისა და აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებმა ერთად, იტალიის ხელისუფლების სრული ფინანსური მხარდაჭერით, მიიღონ განათლება ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რაც ხელს შეუწყობს ქართველ და აფხაზ ახალგაზრდათა მშვიდობიან თანაცხოვრებასა და შერიგების პროცესს.
– საუნივერსიტეტო დიპლომატია, როგორც მშვიდობის ქართული პარადიგმა, უნიკალური იდეაა, რომლის შესახებ მსოფლიოს საერო და სასულიერო ლიდერებმა უნდა შეიტყონ და სამოქმედო გეგმად აქციონ, – აღნიშნა პროფესორმა მ. ლორიტომ. – ჩვენ გვაქვს იტალიური უნივერსიტეტების ქსელი მშვიდობისათვის RUNIPACE. ის შეიქმნა და წარმოადგენს იტალიური უნივერსიტეტების რექტორთა CRUI კონფერენციის ინიციატივას, რომლის მიზანია, თვალსაჩინო გახადოს უნივერსიტეტის ვალდებულება მშვიდობიანი საზოგადოებების მშენებლობაში. ნება მომეცით, ბატონო რექტორო, მე და ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტი გავხდეთ თქვენი და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები იტალიასა და, ზოგადად, ევროპაში, როგორც RUNIPACE-ში, ასევე – სხვა ევროპულ უნივერსიტეტთა გაერთიანებაში. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თქვენი სახით, ჩვენ დიდი მეგობარი და უნიკალური პარტნიორი შევიძინეთ.
რექტორ ზ. ხონელიძის მოწვევით, მიმდინარე წლის მაისის მიწურულს რექტორი მ. ლორიტო, ფედერიკო II-ის სახელობის ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციასთან ერთად, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა, სადაც თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერება ხელი.
შეხვედრის დასასრულს, პროფესორმა მ. ლორიტომ საყოველთაო მშვიდობის განმტკიცებისა და უმაღლესი განათლების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი უმაღლესი საუნივერსიტეტო ჯილდოთი – მეფე ფედერიკო II-ის მედლით დააჯილდოვა.
ვულოცავთ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მის რექტორს, პროფესორ ზურაბ ხონელიძეს, ამ მნიშნელოვან აღიარებასა და ჯილდოს.