left_sabechdi

ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელი: საქართველოს თამაშის ბოლოს მოგების რეალური შანსი ჰქონდა

ჩეხეთის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ივან ჰაშეკმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩის შესახებ ისაუბრა, რომელშიც მისმა გუნდმა საქართველოსთან ქულა მოიპოვა – 1:1.

„გერმანიიდან ნაადრევად წასვლა არ გვსურს, როცა ჩეხი გულშემატკივრების მიერ შექმნილ ატმოსფეროს ვხედავთ. დიდი იმედი გვაქვს, შემდეგ ეტაპზე გასვლას მოვახერხებთ. ახლა უნდა დავისვენოთ, შემდეგ კი მშვიდად მოვემზადოთ თურქეთთან მატჩისთვის.

საქართველოს თავდასხმაში დიდი პოტენციალი აქვს და ვფიქრობ, მათ შეტევებს გავუძელით. საბოლოოდ, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მეკარე აღიარეს. ვცადეთ, მოგვეგო, ფეხბურთელებს ვერ ვუსაყვედურებ.

პირველი ტაიმის მიწურულს გაშვებულმა გოლმა ვერ გაგვტეხა და მეტოქეს მთელი მეორე ტაიმი ვუტევდით. ამაში შეცვლებმაც შეგვიწყო ხელი, სათადარიგოთა სკამიდან შესულმა ფეხბურთელებმა მოედანზე ახალი ენერგია შეიტანეს. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ ერთადერთი გოლის გასატანად იყო საკმარისი.

საქართველოს თამაშის ბოლოს მოგების რეალური შანსი ჰქონდა, რაც მძიმე დასასრული იქნებოდა. მაგრამ ფეხბურთი ასეთი სპორტია. უმძიმესი დასანახი იყო, როდესაც სამი ქართველი ფეხბურთელი ჩვენი კარისკენ გარბოდა, მაგრამ გადავრჩით და ბრძოლას ვაგრძელებთ“, – განაცხადა ჰაშეკმა.

საქართველოს მსგავსად, ჩეხეთის ნაკრებს F ჯგუფში ერთი ქულა აქვს და ბოლო ტურში თურქეთს შეხვდება, ხოლო საქართველო პირველადგილოსან პორტუგალიას დაუპირისპირდება.

ასევე იხილეთ