top_leaderboard
left_sabechdi

დავით ქართველიშვილი: სულ უფრო ცხადი ხდება, რომ თითქოსდა „ლოკალური“ რუსეთ-უკრაინის ომი სინამდვილეში აშშ-ჩინეთის „პროქსი-ომს“ წარმოადგენს, სადაც ჩინეთი იყენებს რუსეთს, ხოლო აშშ − უკრაინას

„ვიდრე ევროკავშირის მიერ თავის დროზე ზედმიწევნით შემუშავებული საკუთარი მმართველობის სისტემა აშკარად კრიზისულ მდგომარეობაში იმყოფება, ქართველი პოლიტმავნებლების ფსონი საქართველოს მიმართ ევროსანქციების შემოღებასთან დაკავშირებით, შავი იუმორის საგანსაც კი აღარ წარმოადგენს“, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რომელიც რუსეთ-უკრაინის (რეალურად კი აშშ-ისა და ჩინეთის გავლენების გაძლიერებას შორის ომი) ომის ფონზე ევროპაში მიმდინარე პოლიტიკური თუ ეკონომიკური რღვევების ანალიზს აკეთებს.

დავით ქართველიშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ევროპაში, სადაც ქვეყნებს გათვლები მშვიდობასა და განვითარებაზე აქვთ, უკვე აისახება ის რყევები, რაც ომს მოსდევს. მანვე აღნიშნა, რომ ამ ცვლილებებს საქართველო აკვირდება და არ სურს მოექცეს მოვლენების ეპიცენტრში.

„სულ უფრო ცხადი ხდება, რომ თითქოსდა „ლოკალური“ რუსეთ-უკრაინის ომი სინამდვილეში აშშ-ჩინეთის „პროქსი-ომს“ წარმოადგენს, სადაც ჩინეთი იყენებს რუსეთს, ხოლო აშშ − უკრაინას. თუმცა ეს უკანასკნელი ბაიდენის ადმინისტრაციას აშკარად „ეცოტავება“ და მას ამ ომში, რომლის მიზანი ამ დღეებში სტოლტენბერგმა გააჟღერა (პუტინის რეჟიმის დამხობა და რუსეთის დაშლა), მთლიანად ევროკავშირის და ასევე დიდი ბრიტანეთის ჩართვა სურს. ამას მშვენივრად გრძნობენ თვით ევროპელებიც, რომლებსაც საკუთარ ქვეყნებთან დაკავშირებით სულ სხვა გეგმები ამოძრავებთ − მშვიდობა, სუვერენიტეტის დაცვა, ეკონომიკური სტაბილურობა.

სწორედ ამ საზოგადოებრივმა დაკვეთამ წელს ელექტორალური გზავნილების სახე მიიღო მთელ რიგ საკვანძო ევროპულ სახელმწიფოებში, სადაც „გლობალური ომის პარტიის“ ვასალურ ხელისუფლებებს „მარჯვნივ“ ჩაჩოჩება მოუწიათ. ამან კი ზოგადად ბრიუსელის დეზინტეგრაცია გამოიწვია, განსაკუთრებით საფრანგეთის ქაოსის ფონზე და დღეს უკვე სრულიად ევროკავშირის ფინანსური სისტემა შეირყა. საფრანგეთის დეფოლტისაგან მხსნელი სადაზღვევო პირობების საფასურმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია − ფრანგული ბანკების კაპიტალიზაცია ეცემა, საკრედიტო ბაზარი აშკარად „ტურბულენტურ“ ზონაშია. ფინანსური ბაზრებიდან უკვე გატანილია 210 მილიარდი ევრო. უკანასკნელმა კვლევებმა აჩვენა, რომ მაკრონის მხარდამჭერებს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში გასვლის შანსი მხოლოდ 40 ოლქში აქვთ. დანარჩენ ადგილებს მემარჯვენეები და მემარცხენეები გაინაწილებენ. ამ ორივეს საარჩევნო დაპირებების პირველ ადგილზე − სოციალური დანახარჯების ზრდაა, მემარჯვენეები კი ამასთან ერთად ჰპირდებიან გადასახადების შემცირებასაც. თავად მაკრონის რეიტინგი ყოველკვირეულად კატასტროფულად ეცემა და დღეს უკვე 25%-იან ნიშნულს მიუახლოვდა. მშპ-სთან მიმართებით საფრანგეთის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი უკვე შეადგენს 5,5%-ს. არჩევნების შემდეგ ამ მაჩვენებლის კიდევ უფრო გაუარესებას პროგნოზირებენ.

ევრობიუროკრატები უკვე ემუქრებიან საფრანგეთს, მემარჯვენეების გამარჯვების შემთხვევაში საჯარიმო სანქციების დაწესებით ბიუჯეტის კატასტროფული დეფიციტის გამო.

ანალოგიური პრობლემები კი დღეს იტალიაში, გერმანიაში და კიდევ ბევრ სხვა ქვეყანაშია. თუ თითოეულის მიმართ გამოყენებული იქნება სადამსჯელო სანქციები, მაშინ ევროკავშირის თვითლიკვიდაციასაც მოვესწრებით? თუმცა, ერთია დაპირება და მუქარა, და მეორეა − მათი განხორციელება. ასე მაგალითად, იტალიის დასჯა სურდათ ჟურნალისტების სიტყვის თავისუფლების თითქოსდა შეზღუდვის გამო. თუმცა, მოგვიანებით ურსულა ფონ დერ ლაიენი მიხვდა, რომ იტალიის პრემიერმინისტრ ჯორჯა მელონის გარეშე, მას ევროკავშირის დღევანდელ სახელისუფლებო კონფიგურაციაში მეორე ვადით არჩევა გაუჭირდებოდა − ამიტომ იტალიის დასჯა გადაიფიქრეს.

პოლიტიკური მიზანშეწონილობით ნაკარნახევი, საკუთარი დაწესებული თამაშის წესების უგულებელყოფა თავისუფლად ჯდება ევროკავშირის ორმაგი სტანდარტის ჩარჩოში. სამწუხაროდ, გაგვაოცა დიდი ბრიტანეთის ელჩ მარკ კლეიტონის უკანასკნელმა განცხადებებმაც, რომელიც აქამდე თითქოსდა მოზომილ და თავშეკავებულ პოზიციას იკავებდა − ჩვენ არ გამოვრიცხავთ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღების განხილვასო. ამას ამბობს ადამიანი, რომლის სამშობლოში უმწვავესი საპარლამენტო და სამთავრობო კრიზისია. რომლის მოქმედი პრემიერ-მინისტრი ფაქტობრივად მზად არის ქვეყნიდან კალიფორნიაში გადასაბარგებლად, ვინაიდან არ სურს ისტორიაში შევიდეს, როგორც ომში ჩათრეული ბრიტანეთის ლიდერი.

აქედან გამომდინარე, ვიდრე ევროკავშირის მიერ თავის დროზე ზედმიწევნით შემუშავებული საკუთარი მმართველობის სისტემა აშკარად კრიზისულ მდგომარეობაში იმყოფება, ქართველი პოლიტმავნებლების ფსონი საქართველოს მიმართ ევროსანქციების შემოღებასთან დაკავშირებით, შავი იუმორის საგანსაც კი აღარ წარმოადგენს. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ევროპის პოლიტიკურ „ზღვაში“ მიმდინარე მღელვარებას, სადაც ადიდებულმა „ტალღებმა“ ამ კონტინენტის დამაქცეველი ფსევდოლიბერალიზმი უნდა ჩაიტანონ ფსკერზე. ასეთ „ზღვაში“ შესვლას ნამდვილად არ ვაპირებთ, ხოლო საქართველოს სახელით გაჟღერებული ირაკლი კობახიძის შემოთავაზება: ურთიერთობების გადატვირთვისა და გაჯანსაღების თაობაზე − ძალაში რჩება“, – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე იხილეთ