„ფონდ „ჰერითიჯის“ 2024 წლის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველომ კვლავ გაიუმჯობესა შედეგები და მთავრობის კეთილსინდისიერების“ მაჩვენებლით 38-ე ადგილი დაიკავა“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს ფონდ „ჰერითიჯის” 2012 წლის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგის მიხედვით საქართველო 69-ე ადგილზე იყო და ე.წ. რეპრესიული მმართველობის ზონას მიეკუთვნებოდა – 2024 წელს საქართველო პირველად ევროპის საუკეთესო ოცეულშია.
„საქართველომ კიდევ უფრო განიმტკიცა ლიდერის პოზიცია ევროპაში. ფონდ „ჰერითიჯის” 2024 წლის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველომ კვლავ გაიუმჯობესა შედეგები და “მთავრობის კეთილსინდისიერების” მაჩვენებლით 38-ე ადგილი დაიკავა. ამ რეიტინგით საქართველო პირველად ევროპის საუკეთესო ოცეულშია, და უსწრებს ევროკავშირის წევრ 11, NATO-ს წევრ 13 და ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას.
შედარებისთვის, 2012 წელს საქართველო 69-ე ადგილზე იყო და ე.წ. რეპრესიული მმართველობის ზონას მიეკუთვნებოდა.
აღნიშნული რეიტინგი ითვალისწინებს ისეთ ფაქტორებს, როგორებიცაა: ქრთამის, გამოძალვის, ნეპოტიზმის, მფარველობის და გაფლანგვის სიმცირე“, – წერს პაპუაშვილი.