არჩილ თალაკვაძე: 2020 წელს საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებით შეიქმნა ე.წ. საკონსულტაციო საბჭო, დღემდე არცერთი სხდომა საკონსულტაციო საბჭოს ფორმატში არ ჩაუტარებიათ. ახლა გამოდიან და უმწვავესად აკრიტიკებენ მის გაუქმებას
„2020 წელს საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებით შეიქმნა ე.წ. საკონსულტაციო საბჭო, რომელიც დღემდე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არაერთხელ გვქონდა შეთავაზება, არასამთავრობო ორგანიზაციებს და სხვა სუბიექტებს არ დაუკომპლექტებიათ, არ გამოუყენებიათ ეს შესაძლებლობა, არ შეუქმნიათ ეს საბჭო და არცერთი სხდომა საკონსულტაციო საბჭოს ფორმატში არ ჩაუტარებიათ”, – ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ახლა გამოდიან და უმწვავესად აკრიტიკებენ ამ საბჭოს გაუქმებას.
„ამბობენ, რომ ეს საბჭო თუ არ იარსებებს, დემოკრატიული არჩევნები ქვეყანაში ვერ ჩატარდებაო.
კიდევ ერთი ცვლილება, რასაც ვეტო აქვს დადებული, გახლავთ გადაწყვეტილების მიღება საბჭოს სრული შემადგენლობის 2/3-ით, სავალდებულო წესი. ეს წესი ოპოზიციამ დღემდე გამოიყენა მხოლოდ ერთადერთისთვის, რომ დაბლოკოს ცესკოს გადაწყვეტილებები, დაბლოკოს ცესკოს საქმიანობა. ჩვენს ქვეყანას კი სჭირდება ისეთი საარჩევნო ადმინისტრაცია, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება მიუხედავად იმისა, ვინმე არის თუ არა დაინტერესებული საბოტაჟით“, – აღნიშნა მან.
მიმდინარე კვირაში, პარლამენტი სალომე ზურაბიშვილის კიდევ ერთ ვეტოს დაძლევს. ამჯერად საუბარია საარჩევნო კოდექსში შესულ ცვლილებებზე.