leaderboard_below_slide
left_sabechdi

კახა კალაძე: როგორც „გამჭვირვალობის კანონი“ იყო რუსული, ისე ვიღებ გადაწყვეტილებას, ვინ ითამაშოს და ვინ არა, ამას ვინც ამბობს, გააკეთებდნენ, ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ

„როგორც „გამჭვირვალობის კანონი“ იყო რუსული, ისე ვაყენებ მე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობას და ვიღებ გადაწყვეტილებას, ვინ ითამაშოს და ვინ არა, ეს არის დიდი სისულელე”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ფეისბუქლაივში განაცხადა.

კალაძის თქმით, საუბარი, თითქოს ის წყვეტს ეროვნულ ნაკრების შემადგენლობას და იმას, თუ ვინ ითამაშებს, არის სიბინძურე და მოდის იმ ადამიანებისგან, რომლებიც 2012 წლამდე ხელისუფლებაში ყოფნის დროს, „უარესს აკეთებდნენ“.

„მინდა, გამოვეხმაურო ერთ საკითხს. ქართველ გულშემატკივარს არ მინდა, შეურაცხყოფა მივაყენო, ვინც ერკვევა ფეხბურთში, ეს მათ არ ეხება. აქ საუბარია სიბინძურეზე, რომელზეც მინდა, სულ პატარა კომენტარი გავაკეთო, თითქოს ზივძივაძეს ეროვნულ ნაკრებში მე არ ვათამაშებ, თითქოს მე ვიღებ გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ნაკრებში, ვინ უნდა ითამაშოს და ვინ არა. გულშემატკივარს, ვინც ერკვევა ფეხბურთში, მათთვის არ ვაკეთებ ამ განმარტებას, რადგან ყველამ იცის, რომ ეს არის ძალიან დიდი აბსურდი და სიბინძურე. თუმცა, ის ადამიანები, რომლებიც ამას ავრცელებენ, რომლებიც საერთოდ ვერ ერკვევიან ფეხბურთში, გაგებაში არ არიან, მათთვის ვამბობ. ძირითადად, როცა ვნახე ვინ წერს ამ კომენტარებს, გავაკეთეთ პატარა ანალიზი, 99 პროცენტი ამ ადამიანებისა არიან ისინი, ვინც „გამჭვირვალობის კანონს“ აპროტესტებდა და ამბობდა, რომ გამჭვირვალობა ცუდია და თითქოს გამჭვირვალობა იყოს რუსული. როგორ შეიძლება, ასეთი სიბინძურე მოიფიქრო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამას ისინი იკადრებდნენ და გააკეთებდნენ ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ, ამაზე უარესებსაც აკეთებდნენ, როცა 2012 წლამდე ხელისუფლებაში იყვნენ. როგორც „გამჭვირვალობის კანონი“ იყო რუსული, ისე ვაყენებ მე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობას და ვიღებ გადაწყვეტილებას, ვინ ითამაშოს და ვინ არა. ეს არის დიდი სისულელე“, – განაცხადა კალაძემ.

ამასთან, კახა კალაძემ ისაუბრა საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ ჩეხეთის ნაკრებთან გამართულ შეხვედრაზე. ასევე, კალაძემ საქართველოს ნაკრებს პორტუგალიასთან 26 ივნისს დაგეგმილ შეხვედრაზე წარმატებები უსურვა.

„რამდენიმე სიტყვა მინდა, ვთქვა განვლილ შეხვედრაზე ჩეხეთის ნაკრებთან, სადაც ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა ფრედ დაასრულა შეხვედრა და მოვიპოვეთ პირველი ქულა ევროპის ჩემპიონატზე, რაც მისასალმებელია, ვულოცავ ყველას, პირველ რიგში ბიჭებს, ქართველს გულშემატკივრებს. ძალიან დიდი შანსი გვქონდა, აღნიშნული შეხვედრა მოგვეგო, თუმცა ფეხბურთში ყველაფერი ხდება. როგორც ჩეხეთის ნაკრებს ჰქონდა გარკვეული მომენტები, ისე ჩვენს ნაკრებს ჰქონდა ძალიან დიდი შანსი, განსაკუთრებით ბოლო წუთზე, რომ მოგებით დაგვემთავრებინა შეხვედრა. თუმცა, შანსი ჯერ კიდევ გვაქვს, რომ ჯგუფიდან გავიდეთ. 26-ში ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებს ვეთამაშებით, მაგრამ ფეხბურთის თამაში ყველასთან შეიძლება და წარმატებას, გამარჯვებას შეიძლება, მიაღწიო ნებისმიერ გუნდთან. დარწმუნებული ვარ, იმ ჟინით, იმ სულისკვეთებით, რაც პირველ ორ თამაშზე აჩვენა ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა, შესაძლებელია, პორტუგალიასთან მივაღწიოთ წარმატებას, არ იქნება მარტივი, მაგრამ თამაში და მოგება ყველასთან არის შესაძლებელი. ასევე მინდა, ქართველ გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა კალაძემ.

ასევე იხილეთ