left_sabechdi

მიხეილ ყაველაშვილი: მრავალი თაობის ოცნება ასრულდა – დღეს ჩვენი საფეხბურთო ნაკრები ღირსეულად არის წარმოდგენილი ევროპის ჩემპიონატზე!

„ასრულდა მრავალი თაობის ოცნება – დღეს ჩვენი საფეხბურთო ნაკრები ღირსეულად არის წარმოდგენილი ევროპის ჩემპიონატზე! მართლაც განსაკუთრებული  სიამაყეა  ამ ფაქტის შეგრძნება.  დღეს ყველა საუბრობს ფეხბურთზე, დაწყებული ბავშვებით, დამთავრებული ჩვენი მშობლების თაობით. მართლაც ენით აღუწერელია იმ სიხარულის და ბედნიერების განცდა, რაც თითოეულ ჩვენგანს ამ დღეებმა აჩუქა“, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისივე შეფასებით, ამ წარმატების შემოქმედები, პირველ რიგში, ჩვენი ნაკრების ფეხბურთელები არიან, რომლებიც აგრძელებენ ბრძოლას გამარჯვებისთვის

„დიდი მადლობა მათ თავდადებას, მათ მწვრთნელებს და ჩვენს საამაყო კოლეგას, ლევან კობიაშვილს და მის გუნდს, ვინც ამ სიხარულის დადგომაში დიდი წვლილი შეიტანა. დიახ,  საქართველოს გამარჯობა გრძელდება. ფეხბურთი იყო ის ბოლო აკორდი იმ გუნდური სპორტული სახეობებიდან, რომელსაც არ ჰქონდა დიდ ტურნირზე თამაშის ბედნიერება და ეს დღეც დადგა.

ბოლო წლებში სპორტის ბევრ სახეობაში ჩვენი სპორტსმენები ხშირად იმარჯვებენ და ეს მხოლოდ დასაწყისია.  მერწმუნეთ, ქვეყნის სტაბილური განვითარება უზრუნველყოფდა ამ წარმატებებს და მომავალშიც უფრო მეტ წარმატებას  უნდა ველოდოთ“, – განაცხადა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა.

როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, ვინ უნდა ითამაშოს მომდევნო მატჩში და  როგორ უნდა ითამაშოს ნაკრებმა,  ეს საკითხი უნდა გადაწყვიტონ პროფესიონალებმა.

„ადგილი აქვს ზოგიერთი მავნებლურ დამოკიდებულებას – მაგალითად, ქვეყნის პრეზიდენტმა განიზრახა ამ ერთიანი გუნდის დაყოფა. ასევე, ზოგიერთი რადიკალური ოპოზიციონერი და „ენჯეო“ აქტივისტი ცდილობდა და ახლაც აგრძელებს განხეთქილების შეტანას ფეხბურთელებსა და მათი ხელმძღვანელობას შორის. დარწმუნებული ვარ ჩვენს ბიჭებში, რომ ისინი მაქსიმუმს გააკეთებენ თავისი დავალების შესასრულებლად და წარმოუდგენელია ეჭვის შეტანა მათ სიწრფელეში“, – განაცხადა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა.

მიხეილ ყაველაშვილმა  გულშემატკივრებს  26 ივნისს, საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„რამდენიმე ფეხბურთელის კომენტარებს გავეცანი. ისინი ერთხმად აღნიშნავენ გულშემატკივრობის განსაკუთრებულ როლს, რომელიც მათ შეუძლებელს აკეთებინებს და ამ ფაქტს ყველაზე კარგად 26 მარტი ასახავს. ახლაც მივმართავ მთლიანად საქართველოს – მე თავად მაქვს განცდილი, თუ რა ძალა აქვს გულწრფელ გულშემატკივრობას, წარმოუდგენელ ენერგიას გმატებს. ამიტომ მოგმართავთ ყველას, ვინც გერმანიაში სტადიონზე იქნებით და ასევე, საქართველოში მყოფ თითოეულ თქვენგანს –  მაქსიმალურად დაუდგეთ გვერდში ბიჭებს, უფრო მეტად, ვიდრე 26 მარტს. ჩვენი ერთიანობით და სამშობლოს სიყვარულით, ეს დიდი მოზღვავებული ენერგია, მერწმუნეთ, მათ შეუძლებელს შეაძლებინებს და საქართველოს მხოლოდ ასე ექნება შანსი ამ ძლიერ მეტოქეზე გამარჯვების“, – აღნიშნა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა.

ასევე იხილეთ