left_sabechdi

მამუკა მდინარაძე: პიარისა და პროპაგანდის ტექნოლოგები ათწლეულების განმავლობაში დაწერენ სტატიებს – როგორ დააჯერეს მოქალაქეების ნაწილი, რომ კანონი, რომელიც დასავლეთის ბევრ ქვეყანაში მოქმედებდა, საქართველოში შერაცხილიყო რუსულად

„კანადაში დიდი საპროტესტო აქციები „რუსული კანონის“ წინააღმდეგ არ ტარდება. იცით რატომ არ ტარდება? იმიტომ, რომ ის კანონი რუსული არ არის, კანადურია. ამერიკაში ამერიკულია, რუსეთში რუსულია, საქართველოში ქართულია”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში მოახერხეს, რომ გამჭვირვალობის კანონისთვის, რუსული კანონი ეწოდებინათ, რაც საუკუნის აფერაა.

„მსგავსი სფეროს რეგულირების ნორმათა ერთობლიობა თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში არის ბევრგან, მათ შორის ათწლეულებია აშშ-ი მოქმედებს, მიიღო საფრანგეთმა, მიიღო კანადამ და არავის მოჰფიქრებია, რომ ამისთვის რუსული კანონი ეწოდებინა. საქართველოში ეს მოახერხეს, საზოგადოების გარკვეულ ნაწილსაც დააჯერეს, ეს არის საუკუნის აფერა. ამ საუკუნის აფერაზე გარანტირებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პიარისა და პროპაგანდის ტექნოლოგები ათწლეულების განმავლობაში დაწერენ ბევრ სტატიას – როგორ დააჯერეს საქართველოს მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომ კანონი, რომელიც დასავლეთის ბევრ ქვეყანაში მოქმედებდა, საქართველოში შერაცხილიყო რუსულად. ამიტომ ჩვენ ვალდებულები ვართ ეს თაღლითობა ვამხილოთ და თვალი ავუხილოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც სჯერათ, რომ აქ რაღაც რუსულთან იყო საქმე“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ