leaderboard_below_slide
left_sabechdi

მაკა ბოჭორიშვილი: ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებს, რომ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას საქართველოში დაარქვან საკუთარი სახელი და გამოიყენონ ტერმინი „ოკუპაცია“

მაკა ბოჭორიშვილმა ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია შეაფასა, რომელშიც საუბარი საქართველოზეა. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ მსგავსი რეზოლუციები ხელს შეუწყობს იმას, რომ ტერმინი „ოკუპაცია“ რუსეთთან მიმართებაში ევროკავშირის სხვა ინსტიტუციებმაც გამოიყენონ. 

„ევროპარლამენტი ყოველთვის იყო ის ორგანო, რომელიც წლების განმავლობაში უფრო ხმამაღლა საუბრობდა ოკუპაციაზე, თუმცა სამწუხაროდ, 2008 წლიდან მოყოლებული, მაშინ, როდესაც ეს კონფლიქტი იყო ცხელი, ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებში დამკვიდრდა არასწორი ტერმინები. ამ კონფლიქტს არ ეწოდა კონფლიქტი და ოკუპაცია და ამ ყველაფერს არ ეწოდა თავისი სახელი.

 ამისთვის საქართველოს ძალიან ბევრი ძალისხმევა დასჭირდა. საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებიც კი არსებობს, რომლებიც არქმევენ ოკუპაციას იმას, რასაც საქართველოში რუსეთი ახორციელებს და რუსეთს აკისრებენ პასუხისმგებლობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევისთვის. რა თქმა უნდა, ეს არის ის სამართლებრივი საფუძველი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ წლების განმავლობაში შექმნა, იმისთვის რომ ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებმაც დაარქვან ამას თავისი სახელი.

 ევროპარლამენტიც ამ მიმართულებით ერთგვარად ამატებს ძალისხმევას და მოუწოდებს ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებს, რომ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას საქართველოში დაარქვან საკუთარი სახელი და გამოიყენონ ტერმინი „ოკუპაცია“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ევროპარლამენტში ორი რეზოლუცია მიიღეს, რომლებშიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერი მხარდამჭერი განცხადებები შევიდა.

ასევე იხილეთ