left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: პარლამენტის ვალდებულებაა, საკანონმდებლო ბაზა იყოს რაც შეიძლება წამახალისებელი, რათა ჩვენს დიასპორელებს გაუადვილოს სამართლებრივი მდგომარეობა

“ჩვენი, როგორც პარლამენტის ვალდებულებაა, საკანონმდებლო ბაზა იყოს რაც შეიძლება წამახალისებელი, რათა ჩვენს დიასპორელებს გაუადვილოს სამართლებრივი მდგომარეობა, მათი კავშირი საკუთარ სამშობლოსთან იყოს უფრო ადვილი”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში თემატური მოკვლევის – „დიასპორის ჩართულობა საქართველოს განვითარებისთვის: დიასპორის მდგრადი კაპიტალის მოზიდვა“ პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს სიძლიერე, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური, განსაკუთრებით დღევანდელი გლობალიზაციის გათვალისწინებით, შეუძლებელია დიასპორის აქტიური მონაწილეობის გარეშე და დიასპორა, რა თქმა უნდა, არის ის განსაკუთრებული აქტივი, რომელიც საქართველოს გააჩნია.

მისივე თქმით, სხვა ქვეყნებში ვიზიტების დროს დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე კარგად ჩანს, თუ როგორ დიდ ყურადღებას აქცევენ ქართულ კულტურას დიასპორულ საზოგადოებაში.

“ამაში განსაკუთრებული როლი აქვს ჩვენს ეკლესიას, რომელიც მიზიდულობის კერაა ყველა ქართველისთვის, იმისთვის რომ მოხდეს არა მხოლოდ სულიერი საკვების მიღება, არამედ ასევე კულტურის შენარჩუნება, ბავშვებისთვის ენის სწავლება, საკვირაო სკოლების ორგანიზება და ა.შ. ამიტომ, მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ჩვენს ეკლესიას და დიასპორულ ორგანიზაციებს ასეთი განსაკუთრებული სინერგიისთვის“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

ასევე იხილეთ