შალვა პაპუაშვილი: ვენეციის კომისიის მოსაზრება უფრო პოლიტიკურია, ვიდრე სამართლებრივი, ხოლო მასში წარმოდგენილი რეკომენდაცია ცესკოს გარანტირებულად კრიზისში შეყვანის რეცეპტია
„ვენეციის კომისიის მოსაზრება უფრო პოლიტიკურია, ვიდრე სამართლებრივი, ხოლო მასში წარმოდგენილი რეკომენდაცია ცესკოს გარანტირებულად კრიზისში შეყვანის რეცეპტია”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს და საპასუხო წერილის ტექსტს აქვეყნებს, რომელიც ვენეციის კომისიის პრეზიდენტს კლერ ბაზი მელორის ცესკოს წევრების არჩევის წესსა და ოპოზიციური მოადგილის სპეციალური სტატუსის შესახებ მისწერა.
„დღეს გამოქვეყნდა ვენეციის კომისიის მოსაზრება ცესკოს წევრების არჩევის წესსა და ოპოზიციური მოადგილის სპეციალური სტატუსის შესახებ. სამწუხაროა, რომ მოსაზრება უფრო პოლიტიკურია, ვიდრე სამართლებრივი, ხოლო მასში წარმოდგენილი რეკომენდაცია ცესკოს გარანტირებულად კრიზისში შეყვანის რეცეპტია.
შეგახსენებთ, რომ ის წესი რომელსაც ეხება ეს დასკვნა, უკვე ძალაშია და ამ წესით პარლამენტმა შეძლო ცესკოს თავმჯდომარის და ორი წევრის არჩევა ოთხი პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერით, რომელიც ჯამში დეპუტატების კვალიფიციურ უმრავლესობას (3/5-ს) წარმოადგენენ. გიზიარებთ ჩემს საპასუხო წერილს ამ მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომელიც ვენეციის კომისიას 30 მაისს მივწერე“, – აღნიშნულია პაპუაშვილის განცხადებაში.