leaderboard_below_slide
left_sabechdi

რობერტო მარტინესი: საქართველოს ნაკრები მებრძოლი გუნდია, ბოლო წუთამდე ითამაშებენ, ეს არ იქნება ადვილი თამაში

საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ პრესკონფერენციაზე პორტუგალიის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ისაუბრა. რობერტო მარტინესმა დაადასტურა, რომ კრიშტიანუ რონალდუ და დიეგო კოსტა სასტარტო შემადგენლობაში იქნებიან.

„საქართველომ ძალიან საინტერესო მატჩები ჩაატარა. მათ ჩეხეთთან გამარჯვების შანსი ჰქონდათ, ძალიან დამაჯერებლად ითამაშეს თურქეთთანაც. ამ ნაკრებმა შეძლო საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა. მათ ძალიან ბევრი გააკვირვეს იმით, რომ ლუქსემბურგი და საბერძნეთი დაამარცხეს. ვფიქრობ, ბოლო ორ მატჩში არ გაუმართლათ, რადგანაც მეტი ქულის აღება შეეძლოთ. მორიგი მოგებისთვის ვემზადებით გუნდთან, რომელსაც გამარჯვება სჭირდება.

ჩემი მიზანი მოედანზე კონკურენტუნარიანი გუნდის გაყვანაა, ამიტომ წამყვანი ფეხბურთელები თამაშს თავიდანვე დაიწყებენ. ეს პირველ რიგში მეკარეს ეხება. დიეგო კოსტა სასტარტოში იქნება, ისევე როგორც გუნდის კაპიტანი კრიშტიანუ რონალდუ, რადგანაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

საქართველოს ნაკრები შევისწავლეთ. ვიცით მისი ძლიერი მხარეები, ვიცით რა გამოსდით კარგად და რა არა. ეს საკმაოდ მებრძოლი გუნდია და ბოლო წუთამდე ითამაშებენ. ეს არ იქნება ადვილი თამაში“, – აღნიშნა ფეხბურთელმა.

საქართველოსა და პორტუგალიას შორის გადამწყვეტი მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე, გელზენკირხენში გაიმართება.

ასევე იხილეთ