leaderboard_below_slide
left_sabechdi

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში სასოფლო-სამეურნეო ცოდნისა და ინოვაციების სისტემის (AKIS) მნიშვნელობის საკითხები განიხილეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში სასოფლო-სამეურნეო ცოდნისა და ინოვაციების სისტემის (AKIS) მოდული წარადგინა. აკადემიის წევრებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ცოდნისა და ინოვაციების სისტემის შესახებ. სოლომონ პავლიაშვილმა ევროკავშირის ქვეყნებში არსებული AKIS-ის სისტემების და ექსტენციის სერვისების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ  AKIS-ის  სისტემა უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობაში დაინტერესებული მხარეებისთვის ცოდნისა და ინოვაციების ხელმისაწვდომობას და ეფექტიანი კოორდინაციის მექანიზმების დანერგვას. 

მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრებმა დადებითად შეაფასეს აგრარული მიმართულებით სხვადასხვა ინსტიტუციას შორის ეფექტური კოორდინაციის მექანიზმების დანერგვის მხარდაჭერა და ის რეფორმები, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს.

შეხვედრას საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი როინ მეტრეველი, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეგიდით, პროექტის „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში VET (ფაზა3)“   ფარგლებში გაიმართა, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით (SDC) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხორციელდება.

ასევე იხილეთ