დავით ქართველიშვილი: ვენეციის კომისია ნელ-ნელა ემსგავსება ვენეციის კარნავალს, ოღონდ, ეს უკანასკნელი ნიღბებს ითვალისწინებს, ხოლო კომისია – პირიქით, ამ ნიღბებს იძრობს
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმიანება.
ანალიტიკოსის თქმით, ვენეციის კომისია ვენეციის კარნავალს დაემსგავსა იმ განსხვავებით, რომ კომისია ნიღბებს იხსნის. ქართველიშვილის თქმით, მისთვის გასაკვირი არ იქნებოდა დასკვნაში ჩანაწერი იმის, შესახებ, რომ ლგბტ თემის ქართველი წარმომადგენლები დაუკანონებელი ქორწინებისას ცოდვას სჩადიან, რაც მათ ქრისტიანულ უფლებებს არღვევს.
„ვენეციის კომისია ნელ-ნელა ემსგავსება ვენეციის კარნავალს. ოღონდ, ეს უკანასკნელი ნიღბებს ითვალისწინებს, ხოლო კომისია – პირიქით, ამ ნიღბებს იძრობს. მე მაგალითად, ჩვენს „ოჯახის ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონზე“ მათ დასკვნაში, შემდეგი ჩანაწერი არ გამიკვირდებოდა: „ქართველი გეები და ლესბოსელები დაუკანონებელ ურთიერთობებში ყოფნისას, უნებლიედ სიძვის ცოდვაში იმყოფებიან, რაც მათ სულიერად თრგუნავს და მათ ქრისტიანულ უფლებებს არღვევს“. ვენეციიდან ეს ნამდვილად არ გაგვიკვირდებოდა, თუ დავუბრუნდებით იმავე კარნავალს, რომელიც ყოველწლიურად ტარდება ერთსა და იმავე პერიოდში – მოასწავებს კათოლიკური დიდი მარხვის დაწყებას, როგორც ასევე სულიერების მიმართ მათი პატივისცემის ნიშანს…“ – წერს ქართველიშვილი.