leaderboard_below_slide
left_sabechdi

აჭარის მთავრობა 2008 წლის აგვისტოს ომსა და სამშვიდობო მისიებში დაღუპული და დაზიანების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მეომრების ოჯახებს გაზრდილ მატერიალურ დახმარებას გაუწევს

დღეს გამართულ აჭარის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ისაუბრა გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილ პროგრამებზე.

ქალთა საერთაშორისო და დედის დღესთან დაკავშირებით, 2008 წლის რუსული აგრესიისა და ავღანეთის სამშვიდობო მისიის (2007-2021წწ) დროს დაღუპულ, ასევე, დაზიანების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მეომართა ოჯახების დაფინანსების ბიუჯეტი 62,5%-ით, კერძოდ 322 000 ლარით გაიზარდა.

„ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გაიზარდა ერთჯერადი მატერიალური დახმარება ომის შედეგად დაღუპული ოჯახებისთვის და შესაბამისად, წელს, მათ გაეწევათ 5000 ლარიანი დახმარება. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ აგვისტოს ომის შედეგად დაღუპულ გმირების ოჯახებსაც შესაბამისად, გაეზარდათ ერთჯერადი მატერიალური დახმარება და რა თქმა უნდა, მომავალშიც გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მათ მხარდაჭერას“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტი 515 000 ლარს შეადგენს. დედისა და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მატერიალური დახმარება 1000 ლარის ნაცვლად 5000 ლარი გახდება, ხოლო აგვისტოს თვეში ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევა მეომრების ოჯახებს – თითოეულს 10 000 ლარის ოდენობით.

მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ გაფართოვდა ჯანდაცვის პროგრამებით მოსარგებლეთა რაოდენობა და მნიშვნელოვანია, რომ რეგიონის თითოეულ მაცხოვრებელს ჰქონდეს შესაძლებლობა პრაქტიკულად უფასოდ მიიღოს სამედიცინო მომსახურება.

„დაფინანსება იზრდება ყველა მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ გაიზარდა უშვილობის პროგრამის ბიუჯეტი და სასიხარულოა, რომ წელს ამ პროგრამის ფარგლებში 16 ახალშობილი დაიბადა. შშმ პირები ნაცვლად 18 წლისა – 25 წლამდე ისარგებლებენ პრაქტიკულად სრულად უფასო სამედიცინო მომსახურებით, ასევე გაორმაგდება, გაიზრდება ძალადობის მსხვერპლი პირების, მათი ოჯახების მხარდაჭერა. გაიზრდება ახალშობილი ტყუპების დაფინანსება. პროგრამები რომლების განხორციელდა ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით ქმნის საკმაოდ კარგ მოცემულობას მაგრამ მინდა თამამად აღვნიშნო და ვთქვა, რომ ჩვენ ამ მოცემულობაზე არ გავჩერდებით, გავაგრძელებთ კიდევ უფრო მეტი სიახლის შემოტანას და ასევე ბიუჯეტის კორექტირებას. ვგეგმავთ, რომ გაიზარდოს როგორც იმ პირთა წრე, რომლებიც სარგებლობენ აჭარის ჯანდაცვის შესაბამის პროგრამებით, ასევე, კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს სოციალური დაცვა. შესაბამისად, ჩვენთვის ყველასთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ჩვენს მაცხოვრებელს ჰქონდეს შესაძლებლობა ჯანმრთელობის პრობლემის შემთხვევაში პრაქტიკულად უფასოდ მიიღოს სამედიცინო მომსახურება რეგიონში და ამ მიმართულებით, მომავალში აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

 

ასევე იხილეთ