top_leaderboard
left_sabechdi

არჩილ თალაკვაძე: პირობას ვაძლევთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ საქართველო განაგრძობს სვლას ევროპისკენ

“პირობას ვაძლევთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ საქართველო განაგრძობს სვლას ევროპისკენ, ჩვენს ქვეყანაში დავიცავთ მშვიდობას, დემოკრატიას, უზრუნველვყოფთ ეკონომიკურ განვითარებას, ჩავატარებთ დემოკრატიულ, გამჭვირვალე და თავისუფალ არჩევნებს, ვაჩვენებთ პირველ რიგში ჩვენს საზოგადოებას და შემდეგ მთელ მსოფლიოს, რომ საქართველო ღირსეულია და ევროპაში თავის ადგილს იმსახურებს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„დარწმუნებული ვარ და ველოდები, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს ნამდვილი მეგობრები მიიღებენ სამართლიან გადაწყვეტილებას და სამართლიანად შეაფასებენ იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს აქვს ევროინტეგრაციის გზაზე წლების განმავლობაში. ეს მათივე ანგარიშებში იყო ასახული. იქიდან დღემდე საქართველომ გააკეთა ერთადერთი რამ, მიიღო კანონი და შექმნა გამჭვირვალიბის რეესტრი, რომელიც ევროკავშირის 15 ქვეყანას აქვს და დანარჩენ 12 ქვეყანას თავად ევროკავშირის საბჭომ მოუწოდა, რომ შეიმუშავოს ასეთი კანონმდებლობა. სხვა ყველაფერი, რაზეც თვითონ ევროკავშირს აქვს ანგარიშებზე, შეფასებებზე ხელი მოწერილი, იგივეა, ამას საქართველოს ვერავინ წაართმევს და საქართველო არცერთ ნაბიჯს არ გადადგამს უკან, ევროპული გზიდან, ევროპული წარმატებებიდან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ბოლომდე დარჩება ქვეყნის ინტერესების პრინციპულად დამცველად.

„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მომავალში სამართლიანად მოხდება იმ პროგრესის აღიარება და შეფასება, რომელიც საქართველოს აქვს. თუ დღეს ჩვენი ქვეყანა კრიტიკას დაიმსახურებს, მხოლოდ იმიტომ, რომ მიიღო კანონი და შექმნა მექანიზმი, რომელიც აქვს ევროკავშირის 15 ქვეყანას და არაერთ განვითარებულ დემოკრატიას მსოფლიოში, ამას ვუპასუხებთ, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება დარჩება ბოლომდე პრინციპულად საკუთარი ქვეყნის ინტერესების დამცველად, ჩვენი ქვეყნის მშვიდობის, დემოკრატიული განვითარებისა და უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დამცველად. ვერავინ შეგვახსენებს ვერცერთ ნაბიჯს და ვერცერთ შედეგს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ევროპელი პარტნიორებისა და ჩვენი დასავლელი მეგობრების წინააღმდეგ. ჩვენ დღემდე და ეს მომავალშიც ასე იქნება, პრინციპულად ვიცავთ იმ წესებს, იმ მეგობრობასა და პირობებს, რომლებიც გვაერთიანებს ჩვენს ნამდვილ მეგობრებთან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს მიმართ არ არსებობს რეალური და დასაბუთებული პრეტენზია, რომ უღალატა მეგობრებს.

„წლების განმავლობაში საქართველო იყო და რეგიონში დღესაც რჩება დასავლეთის საიმედო პარტნიორად. სამწუხაროდ, იმის გამო, რომ  დღეს პოლიტიკური სურათი მსოფლიოში არის რთული, ზოგ შემთხვევებში ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული გამოწვევები, მათ შორის არჩევნები ევროპის მასშტაბით, არჩევნები დასავლურ სახელმწიფოებში, გვესმის, რომ პოლიტიკური რიტორიკა შეიძლება, შეიცვალოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო შეიცვალა. არ ნიშნავს, რომ საქართველო ნაბიჯს გადადგამს ევროპული გზიდან და დასცილდება თავის ისტორიულ მიზანს. ჩვენ ამის პირობას ვაძლევთ ჩვენს მოქალქეებს, რომ საქართველო განაგრძობს სვლას ევროპისკენ. ჩვენს ქვეყანაში დავიცავთ მშვიდობას, დემოკრატიას და ეკონომიკურ განვითარებას ვუზრუნველყოფთ. ჩავატარებთ დემოკრატიულ, გამჭვირვალე და თავისუფალ არჩევნებს. პირველ რიგში, ვაჩვენებთ ჩვენს საზოგადოებას და შემდეგ მთელ მსოფლიოს, რომ საქართველო ღირსეულია და ევროპაში თავის ადგილს იმსახურებს“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ასევე იხილეთ