მიხეილ ყაველაშვილი: ჯანსაღი ოპოზიცია რომ გვყავდეს, რა თქმა უნდა, ისიც აჰყვებოდა საზოგადოების გამოძახილს, რადგან ლგბტ პროპაგანდა პრობლემაა ჩვენთანაც და ნებისმიერ ქვეყანაში
პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი მიხეილ ყაველაშვილი ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის შესახებ კანონპროექტის მიმართ ოპოზიციის დამოკიდებულებას ეხმიანება. დეპუტატის თქმით, ლგბტ პროპაგანდა რომ პრობლემაა ეს ხალხმა თქვა და ხელისუფლებას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ამ საკითხთან ბრძოლაში.
„ამ კანონამდეც გვქონდა ინფორმაცია, რომ ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვა არის საზოგადოების გამოძახილი, რადგან ჩვენ მათთან მუდმივ კომუნიკაციაში ვართ. ჩაკეტილ სივრცეში არ ვართ, ღია ინფორმაციული წყაროები არსებობს და საზოგადოება ხედავს რა ხდება. ჩვენ ვინმეს კი არ ვეჯიბრებით, ეს ნამდვილად გამოწვევაა ადამიანებისთვის. ევროკავშირის წევრობა გვინდა და რადგან ჩვენთვის ლგბტ პროპაგანდა მიუღებელია, რადგან საზოგადოებაში არის ამ საკითხის დარეგულირების მოთხოვნა და ამ შემთხვევაში გვჭირდება ერთიანი საზოგადოება, ჩვენ გადავდგით ეს ნაბიჯი და მინდა აღვნიშნო, ამასაც სითამამე სჭირდება.
საკანონმდებლო ცვლილებების მიღების მიზეზი არის ის, რომ გვინდა ჯანსაღი საზოგადოება. მუდმივად ხაზს ვუსვამთ – ჩვენი ერი ყოველთვის ასე ცხოვრობდა, ტოლერანტული იყო ნებისმიერი უმცირესობის მიმართ და ამ მხრივ, სამაგალითო ქვეყანა ვართ. სტატისტიკა გვაქვს ლგბტ პროპაგანდის მატებასთან დაკავშირებით, ახალგაზრდებში მეტი მიმდევარი რომ არის, როგორ ხდება ეს? 7-8 წლის მოზარდს, როგორ უნდა უთხრა – შენ აირჩიე საკუთარი სქესი? ვხედავთ, რომ მაგალითად, ერთსქესიანთა ქორწინება ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 16-ში დაკანონებულია, ამასაც გავუსწორეთ თვალი. ჩვენ ვუთხარით საზოგადოებას – მზად ვართ, ლგბტ პროპაგანდის შემცირებისთვის ვიბრძოლოთ თქვენთან ერთად. საზოგადოებამაც გვითხრა, რომ მხარს დაგვიჭერს და დავდგებით ერთად.
ჯანსაღი ოპოზიცია რომ გვყავდეს, რა თქმა უნდა, ისიც აჰყვებოდა საზოგადოების გამოძახილს. ეს მაინც გაგვაერთიანებდა, რადგან ლგბტ პროპაგანდა პრობლემაა ჩვენთან და ნებისმიერ ქვეყანაში. ვიცით და გვაქვს ინფორმაცია, რომ რადიკალურ ოპოზიციაში არიან ადამიანები, ვისაც არ უნდა ლგბტ პროპაგანდა და ჩვენს აზრზე არიან ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ვერ ბედავენ თქმას, რადგან მიბმული არიან გარე ძალებს და ამიტომ ამბობენ, ლგბტ პროპაგანდა საქართველოში პრობლემა არ არისო“, – აღნიშნა ყაველაშვილმა.