მიხეილ ყაველაშვილი: მადლობა ჩვენს საამაყო ბიჭებს, ყველაფერი გაიღეს იმისთვის, რომ მსგავსი სიხარულის დღეები დამდგარიყო ჩვენს ქვეყანაში
“გუშინდელ შეხვედრას მილიარდობით ადამიანი უყურებდა, ქართული გუნდის გულშემატკივარი უკვე სხვა ქვეყნებშიც გაჩნდა, აი, ეს მოიტანა ფეხბურთმა”, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა მიხეილ ყაველაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
„ემოცია, ალბათ როგორც ყველა ქართველის, გასაოცარია და კიდევ უფრო მახარებს, რომ გრძელდება. ეს პროცესი არ დასრულებულა და დღეები გრძელდება. ალბათ, არასდროს ყოფილა, რაც ახლა მახსოვს ჩემი თავი და საქართველო, რომელშიც ეს თაობა ვცხოვრობთ, მსგავსი დღეები. ყველა მოლოდინში ვართ, მთელი საქართველო ფეხბურთზე საუბრობს. ჩვენს ფარგლებს გარეთ, მთელი მსოფლიო დაინტერესებულია ჩვენი ქვეყნით. დღეს და გუშინ ამაზე საუბარი იყო, წარმოიდგინეთ ახლა გუშინდელ შეხვედრას მილიარდობით ადამიანი უყურებდა და ქართული გუნდის გულშემატკივარი უკვე სხვა ქვეყნებშიც გაჩნდა, აი, ეს მოიტანა ფეხბურთმა. ასეთი ძალა აქვს, ასეთი მიმზიდველია და არ წყდება ეს ემოცია.
თავისთავად, ასეთი ტურნირები იძლევა ამის საშუალებას, რომ შენი ქვეყანა წარმოაჩინო და მადლობა ჩვენს საამაყო ბიჭებს, ყველაფერი გაიღეს იმისთვის, რომ მსგავსი სიხარულის დღეები დამდგარიყო ჩვენს ქვეყანაში“, – აღნიშნა მან.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით მან პლეი ოფის საგზური მოიპოვა.