ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენ თავს ვიწონებთ სწორედ იმით, რომ კანდიდატ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაჩვენებელი გვაქვს, რადგან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს წარმატებით ვასრულებდით
„ჩვენ თავს ვიწონებთ სწორედ იმით, რომ კანდიდატ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაჩვენებელი გვაქვს, რადგან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს წარმატებით ვასრულებდით”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.
სამხარაძე გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 10 წელი გავიდა.
„ჩვენ ვზეიმობთ 10 წლისთავს. ამ 10 წლის განმავლობაში საქართველომ არნახულ პროგრესს მიაღწია ევროინტეგრაციის გზაზე. ყველაზე მთავარი და აღსანიშნი არის თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან და ასევე უვიზო მიმოსვლა, საბოლოო ჯამში, ასევე კანდიდატის სტატუსი. ჩვენ თავს ვიწონებთ სწორედ იმით, რომ კანდიდატ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაჩვენებელი გვაქვს, რადგან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს წარმატებით ვასრულებდით“, – აღნიშნა სამხარაძემ.
შეთანხმება 2014 წლის 27 ივნისს გაფორმდა და, რითაც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა. ასოცირების შესახებ შეთანხმება საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მთავარ სამართლებრივ ჩარჩოს წარმოადგენს.