top_leaderboard
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: ზოგ რეკომენდაციას რომ გავყოლოდით, შეიძლება გვქონოდა სწრაფი შედეგი კანდიდატის სტატუსთან, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებასთან დაკავშირებითაც, მაგრამ ვიქნებოდით ფიზიკურად და ეკონომიკურად დანგრეული ქვეყანა

„ზოგ რეკომენდაციას, რომელსაც ჩვენ გვაძლევენ, ან რჩევა-დარიგებას, ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურიდან, თუ პოლიტიკური ჯგუფებიდან, რომ გავყოლოდით, შეიძლება გვქონოდა სწრაფი შედეგი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებითაც, [ევროკავშირში გაწევრიანების] მოლაპარაკებასთან დაკავშირებითაც, მაგრამ დღეს ვიქნებოდით ფიზიკურად და ეკონომიკურად დანგრეული ქვეყანა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

წამყვანის კითხვაზე აქვს თუ არა მოლოდინი, რომ შესაძლოა გამართლდეს ის განცხადებები, რომელიც ევროპელი ლიდერებისგან კეთდება, რომ შესაძლოა გაიყინოს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, პაპუაშვილი ამბობს, რომ არ აქვს.

„არა [მაქვს] და დღეს მათ შორის ვზეიმობთ იუბილეს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან. რატომ მაინცდამაინც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოხდა, რომ ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ ვაჭრობას, ვიზალიბერალიზაციას, გავხდით კანდიდატი ქვეყანა. როგორ მოახერხა ეს „ქართულმა ოცნებამ“? – მოახერხა იმით, რომ ვმოქმედებდით ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, გრძელვადიანი მიზნებით და არა მოკლევადიანი მიზნებით და ასე ვთქვათ, სულსწრაფად, სწრაფი შედეგების მიღწევის სურვილით. ახლაც ასე ვმოქმედებთ. 2030 წელს საქართველო იქნება ყველაზე მომზადებული ქვეყანა ევროკავშირში წევრობისთვის. ჩვენ გვაქვს ასოცირების შეთანხმება, ვართ კანდიდატი ქვეყანა, მივყვებით იმ დღის წესრიგს, რომელიც ასოცირების შეთანხმებაშია და ვართ ლიდერი დღესაც კი უკრაინასთან და მოლდოვასთან, ბოსნია ჰერცეგოვინასთან შედარებით ჩვენი დაახლოების, ჰარმონიზაციის დონით ევროკავშირთან. თუმცა არის პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილი, რომელზეც ჩვენ გავლენა არ გვაქვს და არც გვინდა ისეთი გავლენა გვქონდეს, რომელზეც იყო ხანდახან მინიშნებები. ზოგ რეკომენდაციას, რომელსაც ჩვენ გვაძლევენ, ან რჩევა-დარიგებას, ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურიდან, თუ პოლიტიკური ჯგუფებიდან, რომ გავყოლოდით, შეიძლება გვქონოდა სწრაფი შედეგი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებითაც, [ევროკავშირში გაწევრიანების] მოლაპარაკებასთან დაკავშირებითაც, მაგრამ დღეს ვიქნებოდით ფიზიკურად და ეკონომიკურად დანგრეული ქვეყანა.

ევროპარლამენტი თავისი რეზოლუციებით რას მოგვიწოდებდა, ევროპული პოლიტიკური ჯგუფები, მოგვიწოდებდნენ იმისკენ, რომ დაგვეწესებინა სანქციები რუსეთისთვის, რაც იყო პირდაპირი გზა იმისკენ, რომ დავმდგარიყავით ომის რისკის წინაშე. ევროკავშირის არცერთმა ქვეყანამ არ დააწესა ისეთი სანქცია, რომელიც ასეთი რისკის ქვეშ დააყენებდა. თავიდან გერმანია ჩაფხუტებს აძლევდა და „ბრონის“ ჟილეტებს უკრაინას და დასჭირდა ლამის ორი წელი იმისთვის, რომ ტანკები გადაეცათ. რატომ არ მისცეს თავიდანვე? იმიტომ რომ რისკი ჰქონდათ და ჩვენ, რომელსაც არც ნატო გვიცავს, არც ევროკავშირი, არავინ გვიცავს ჩვენი თავის გარდა, ვერ მივცემდით თავს იმის უფლებას, რომ ჩვენი ხალხი ჩაგვეგდო ომის და სისხლისღვრის რისკის ქვეშ. დღესაც ხომ გვეუბნება ზოგიერთი ევროპელი ლიდერი, ზოგიერთი ქვეყნის პრეზიდენტი, სანქციები დააწესეთო, ადრეც გვეუბნებოდნენ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ