leaderboard_below_slide
left_sabechdi

ნიკოლოზ ჯავახიშვილი: მეხუთე დიდებული 26 საქართველოს ისტორიაში

საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის პროფესორი ნიკოლოზ ჯავახიშვილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების 26ივნისის დაპირისპირებას პორტუგალიის ნაკრებთან სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„მეხუთე დიდებული 26 საქართველოს ისტორიაში

გადაუჭარბებლად უნდა ითქვას, რომ გუშინდელ საფეხბურთო მატჩში საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ჭეშმარიტად ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და ჩვენს ერს და მის ყველა გულშემატკივარს უდიდესი სიხარული აჩუქა. ეს იყო ახალი „ძლევაი საკვირველი“, რომლის მნიშვნელობაც არასდროს გახუნდება.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ 26 – ფრიად საინტერესო თარიღია საქართველოს მატიანეში. ამ რიცხვში მოხდა ჩვენი ქვეყნის ისტორიის რამდენიმე უმნიშვნელოვანესი მოვლენა (ჩამოვთვლი ქრონოლოგიურად):

1) 26 იანვარი (ახალი სტილით – 8 თებერვალი) – უდიდესი ქართველი ბაგრატოვანი გვირგვინოსნის წმ. დავით IV აღმაშენებლის ხსენების დღეა, რასაც ჩვენი ერი და ეკლესია საზეიმოდ აღნიშნავს;

2) 1918 წლის 26 იანვარს (ახალი სტილით – 8 თებერვალს),

 წმ. დავით IV აღმაშენებლის ხსენების დღეს, თბილისში საზეიმოდ გაიხსნა ქართული უნივერსიტეტი – ამჟამინდელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც მისი დაფუძნების მოთავის – აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელს ატარებს;

3) 1918 წლის 26 მაისს აღდგა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და შეიქმნა პირველი ქართული რესპუბლიკა;

4) 2024 წლის 26 მარტს, თბილისში გამართულ საფეხბურთო მატჩში საქართველოს ნაკრებმა დაამარცხა საბერძნეთის ნაკრები და ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა;

5) 2024 წლის 26 ივნისს, საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრებთან ორთაბრძოლაში ისტორიული გამარჯვება მოიპოვა!

დიდება უფალს, მარჯი საქართველოს და მადლობა ჩვენს არაჩვეულებრივ ფეხბურთელებს!

დაე, ქართველთა გამარჯვებით დაგვირგვინებულიყოს მომავალი მატჩი ესპანეთთან!

P.S.ალბათ, ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს ის ფაქტიც, რომ 2024 წლის ნუმეროლოგიური ჯამიც (2+24) შეადგენს 26-ს!“ – წერს ნიკოლოზ ჯავახიშვილი.

ასევე იხილეთ