leaderboard_below_slide
left_sabechdi

პრემიერი: ახალი მთავრობის საქმიანობის პირველი თვეების განმავლობაში აღინიშნა ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა, 5 თვის საშუალო ზრდის მაჩვენებელი არის 9.3%, რაც ევროპაში ყველაზე მაღალი თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

„ჩვენი ქვეყნის ორ უმთავრეს ეროვნულ ამოცანად კვლავაც რჩება მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და საქართველოში სიღარიბის სრულად აღმოფხვრა. საქართველოს მთავრობის თითოეული ნაბიჯი მომავალშიც ამ ამოცანების შესრულებისკენ იქნება მიმართული“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლა ეკონომიკაზე საუბრით დაიწყო და ყურადღება იმ მაღალ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე გაამახვილა, რომელიც ახალი მთავრობის საქმიანობის შემდეგ ქვეყანაში დაფიქსირდა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ძლიერი ეკონომიკა ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს და აქედან გამომდინარე, ეკონომიკური განვითარება საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია.

„საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, დღეს წარმოგიდგენთ ყოველწლიურ მოხსენებას სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ. გამომდინარე იქიდან, რომ 8 თებერვალს საქართველოს პარლამენტს წარვუდგინე სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ერთგვარი შუალედური ანგარიში, როცა მტკიცდებოდა საქართველოს მთავრობა, ჩემი დღევანდელი მოხსენება არსებითად შეეხება მთავრობის მიერ გასული ოთხნახევარი თვის განმავლობაში, 8 თებერვლიდან დღემდე.

ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნის ორ უმთავრეს ეროვნულ ამოცანად კვლავაც რჩება მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და საქართველოში სიღარიბის სრულად აღმოფხვრა. აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის თითოეული ნაბიჯი მომავალშიც ამ ამოცანების შესრულებისკენ იქნება მიმართული.

ამ შემთხვევაშიც, ისევე როგორც წინა შემთხვევაში, ჩემს მოხსენებას დავიწყებ ეკონომიკაზე საუბრით. ძლიერი ეკონომიკა ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს. აქედან გამომდინარე, ეკონომიკური განვითარება საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია. მოხარული ვარ, რომ ახალი მთავრობის საქმიანობის პირველი თვეების განმავლობაშიც აღინიშნა ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა, დღეს უკვე გამოქვეყნდა მაისის მონაცემები, დაფიქსირდა 9,2% ეკონომიკური ზრდა. განსაკუთრებული მადლობა ეკონომიკურ გუნდს, ეკონომიკის მინისტრს, ჩვენს მინისტრებს ეკონომიკური გუნდიდან. 5 თვის საშუალო ზრდის მაჩვენებელი არის 9,3%, რაც არის ევროპაში ყველაზე მაღალი თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.

შეგახსენებთ, რომ 2021-2023 წლებში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 9,7%. რაც შეეხება წლევანდელ მაჩვენებელს, ეს მაჩვენებელი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ამას პროგნოზირებდა საერთაშორისო სავალუტო ფონდი. სავალუტო ფონდის პირვანდელი პროგნოზი იყო 4,8% და როგორც უკვე მოგახსენეთ, ამჟამინდელი მაჩვენებელი, 5 თვის მაჩვენებელი არის 9,3%.

მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ ფისკალური კონსოლიდაციის მაღალი დონე. საგარეო ვალის კუთხით ბიუჯეტის დეფიციტი, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ინფლაცია, ყველა მიმართულებით ჩვენი ქვეყანა გამოირჩევა ფისკალური კონსოლიდაციის მაღალი დონით. ინფლაციას რაც შეეხება, იანვარ-აპრილში დაფიქსირდა 0,6% ინფლაცია, რაც არის ასევე ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი ევროპაში.

ასევე, ეკონომიკურმა ზრდამ მოგვცა წლევანდელი ბიუჯეტის 360 მლნ ლარით გაზრდის შესაძლებლობა და შესაბამისი ცვლილებები იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის წინაშე, სულ მცირე 360 მლნ ლარით გაიზრდება წლევანდელი ბიუჯეტი,“ – აღნიშნა პრემიერმა.

ასევე იხილეთ