leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კობახიძე: რეკორდული მაჩვენებელი გვაქვს დასაქმების კუთხით, 1,4 მლნ ადამიანია დღეს საქართველოში დასაქმებული, რაც ისტორიული რეკორდია 90-იანი წლების შემდეგ

„რომ შევადაროთ ამ წლის პირველი კვარტალი წინა წლის პირველ კვარტალს, 4 პროცენტული პუნქტით შემცირდა უმუშევრობა საქართველოში და შეადგინა 14%“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეკონომიკური ზრდა პირდაპირ აისახება მოსახლეობის ცხოვრების დონეზე.

„ამ საკითხთან დაკავშირებითაც ხშირად გვესმის ხოლმე ჩვენ სპეკულაციები. მაგალითისათვის ავიღოთ უმუშევრობის მაჩვენებელი –   რომ შევადაროთ ამ წლის პირველი კვარტალი წინა წლის პირველ კვარტალს, 4 პროცენტული პუნქტით შემცირდა უმუშევრობა საქართველოში და შეადგინა 14%, 18%-დან შემცირდა 14%-მდე. დამატებით დასაქმდა 130 000 ადამიანი და რეკორდული მაჩვენებელი გვაქვს დასაქმების კუთხით,  1,4 მლნ ადამიანია დღეს საქართველოში დასაქმებული, რაც არის ისტორიული რეკორდი 90-იანი წლების შემდეგ.

რაც შეეხება სიღარიბეს, მინდა შეგახსენოთ, რომ 2012 წელს სიღარიბის მაჩვენებელი იყო 30%, შესაბამისად, 1,1 მლნ-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა. 2023 წლის მონაცემები გამოაქვეყნა საქსტატმა და სიღარიბე არის შემცირებულ 11,8%-მდე, რაც ნიშნავს იმას, რომ დღეს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს საქართველოში 435 000 ადამიანი. ესეც ჩვენთვის არის, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელი მაჩვენებელი. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა, როგორც უკვე ვთქვი, სიღარიბის საბოლოოდ აღმოფხვრა, მაგრამ ასევე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ 1,1 მლნ ადამიანიდან სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა 435 000 ადამიანამდე ჩვენი ხელისუფლების პირობებში.

აქ მახსოვს ერთ-ერთი ოპოზიციონერი გამოდიოდა და საუბრობდა ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებზე, რომელიც პროგნოზირებდა, თუ არ ვცდები, წელიწადში საშუალოდ სიღარიბის 0,8 პროცენტული პუნქტით შემცირებას, ამ პროგნოზის საპირისპიროდ, საქართველოში 3.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა მარტო შარშან სიღარიბე.

წელსაც გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, აქედან გამომდინარე, წელსაც ათი ათასობით ადამიანი დაძლევს სიღარიბეს და მაღალი ალბათობით 2024 წელს უკვე ერთნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდება სიღარიბის კუთხით. მთლიანობაში შეგახსენებთ, რომ 700 000-მდე მოქალაქემ დაძლია სიღარიბე 2012 წლიდან დღემდე, რაც არის მნიშვნელოვანი მიღწევა, თუმცა ჩვენი საბოლოო ეროვნული  ამოცანაა სიღარიბის საბოლოოდ განულება“, –  განაცხადა პრემიერმა.

ასევე იხილეთ