leaderboard_below_slide
left_sabechdi

სოზარ სუბარი: მშვიდობის შენარჩუნების მთავარი საყრდენია ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გაძლიერება

„სტრატეგიულ პარტნიორობა კარგია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა ქვეყანას  თავისი ინტერესი აქვს. ამიტომ, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესი და ეს ხაზი, რაც ახლა აქვს ჩვენს ხელისუფლებას,  უნდა გავაგრძელოთ ყოველგვარი გადახრის გარეშე. დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და მაშინ იქნება გამარჯვებები სპორტშიც, კულტურაშიც და ქვეყანაც იქნება გამარჯვებული“, – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა პლენარულ სხდომაზე, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოხსენება მოისმინეს.

სოზარ სუბარის თქმით, არსებობს გლობალური გამოწვევები, რომლებზეც საქართველოს მომავალია დამოკიდებული.

„60-ზე მეტი კონფლიქტი მიმდინარეობს ამჟამად მსოფლიოში.  ჩანაგდება ქვეყნები, ადამიანები იღუპებიან, ეკონომიკები ნადგურდება და ამ დროს საქართველოში, როგორც დღეს ითქვა, ეკონომიკური ზრდა პირველ ხუთ თვეში არის 9,6 %.  ეკონომიკური ზრდა კი არა სახელმწიფოებრიობას შეეხება საფრთხე თუ ჩვენ ვერ შევძლებთ მშვიდობის შენარჩუნებას. დღეს არ გვაქვს უფრო მნიშვნელოვანი ამოცანა, ვიდრე შევინარჩუნოთ მშვიდობა და გავაძლიეროთ ჩვენი ეკონომიკა. ეკონომიკის გაძლიერებაზეა დამოკიდებული ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა, ეკონომიკის გაძლიერებაზეა დამოკიდებული დარჩება ჩვენი მოსახლეობა საქართველოში თუ დაიწყებს სხვა ქვეყნებში თავშესაფრის ძებნას. ხოლო თუ ეკონომიკას განვავითარებთ, თუკი იქნება მშვიდობა, დემოკრატია, მაშინ ბევრი ჩვენი მოქალაქე, რომელიც სწორედ ეკონომიკურ სიდუხჭირეს გაექცა ქვეყნიდან, დაბრუნდება სამშობლოში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, მშვიდობის შენარჩუნების მთავარი საყრდენია ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გაძლიერება.

„ამ პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს შუა დერეფნის განვითარებას. შუა დერეფანი  მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ჩვენთვის. ძალიან ბევრი ქვეყანა არ არის დაინტერესებული ამ დერეფნით. არ იფიქროთ, რომ სხვა ალტერნატივა არ არსებობს, ალტერნატივა არსებობს ძალიან ბევრი, უბრალოდ, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ის უპირატესობა, რომელიც გვაქვს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ასევე იხილეთ