სომხეთი და აზერბაიჯანი მიწვეულები არიან NATO-ს შეხვედრაზე, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე 9-11 ივლისს ვაშინგტონში გაიმართება. ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ჯეიმს ო’ბრაიენმა ბაქოში ჟურნალისტებს განუცხადა.
მან აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ამ ღონისძიებას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყველა პარტნიორი ქვეყნისთვის ატარებს, მათ შორის აზერბაიჯანისა და სომხეთისთვის.
„მოველით, რომ ორივე ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას“, – თქვა ო’ბრაიენმა.
მისივე თქმით, საერთო ჯამში ღონისძიებაში NATO-ს 30 პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.
სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ასევე განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზადაა აშშ-ში აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მოაწყოს.
„ვიმედოვნებ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები უახლოეს მომავალში შეძლებენ შეხვედრას. თუ ეს ვაშინგტონში მოხდება, ჩვენ მოხარული ვიქნებით, მივიღოთ ისინი და შევასრულოთ ის როლი, რომლის შესრულებაც შეგვიძლია. მაგრამ არსებობს კომუნიკაციის ბევრი არხი და ორივე მხარე ძალიან ეფექტურ პირდაპირ კავშირს ინარჩუნებს. ჩვენ ამ პროცესში ვიღებთ მონაწილეობას, როგორც მეგობრები, რათა მათ დავეხმაროთ“, – აღნიშნა ჯეიმს ო’ბრაიენმა.
ამასთან, ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა გამოთქვა რწმენა ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების შესაძლებლობის შესახებ.
„მშვიდობის დამყარება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 30 წელზე მეტხნიანი კონფლიქტის შემდეგ ხანგრძლივი პროცესი იქნება, მაგრამ შემდეგ ის საზოგადოებებს შორის უფრო ღრმა ურთიერთობებში გადაიზრდება. ვფიქრობ, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ მიღწეული ბოლო შეთანხმებები ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია“, – თქვა ო’ბრაინმა.