leaderboard_below_slide
left_sabechdi

სანიოლი: რაც ჩემმა ფეხბურთელებმა ჩეხეთთან და პორტუგალიასთან გააკეთეს, უბრალოდ საოცრება იყო

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი პორტუგალიასთან გამარჯვების შემდეგ იუთუბის არხ TALK SPORT-ის სტუმარი იყო. სანიოლმა წამყვანებთან ერთად ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. ვილიმ აღნიშნა, რომ პორტუგალიასთან დასაკარგი არაფერი გვქონდა და ფეხბურთელებმაც ბრწყინვალედ ითამაშეს. ფრანგი მწვრთნელი ესპანეთთანაც იგივე თამაშს ელის და ფიქრობს, რომ ნაკრებმა 30 ივნისსაც წნეხის გარეშე უნდა ითამაშოს.

…მატჩების შეფასება: ”ჩვენი ევროპის ჩემპიონატზე ყოფნა უკვე დიდი სიურპრიზი იყო. ჩვენ უბრალოდ ვიცოდით, რომ დასაკარგი არაფერი არ გვქონდა, შესაბამისად, თავისუფლად შეგვეძლო თამაში. მოთამაშეებმაც ეს ბრწყინვალედ მოახერხეს. თურქეთთან წავაგეთ, მაგრამ კარგად ვითამაშეთ. რაც ჩემმა ფეხბურთელებმა ჩეხეთთან და პორტუგალიასთან გააკეთეს, უბრალოდ საოცრება იყო”.

…ფეხბურთელების მოტივაციაზე: ”იცით, როდესაც ჩვენ მარტში ევროპის ჩემპიონატის საგზური მოვიპოვეთ, ბევრმა ფეხბურთელმა თქვა, რომ აქ არ უნდა ვყოფილიყავით, რადგანაც პირდაპირ საკვალიფიკაციო ეტაპიდან ვერ მოვიპოვეთ ევროპის ჩემპიონატის საგზური. მოთამაშეებისთვის ეს მოტივაცია აღმოჩნდა, მათ ყველას პასუხი მოედანზე გასცეს. პასუხი გასცეს დიდებულ მოთამაშეებს და კარგ გუნდს, როგორიც ჩეხეთია, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ამ ტურნირზე თამაშის. ძალიან ამაყი და გაკვირვებული ვარ, რადგანაც სიმართლე გითხრათ, არ მეგონა ასეთ მაგარ თამაშს თუ ვაჩვენებდით”.

…მოთამაშეთა ფორმაზე: ”ჩვენ გვყავს 26 მოთამაშე, მაგრამ გულწრფელი უნდა ვიყო, გარკვეულ პოზიციაზე მოთამაშეთა ნაკლებობა გვაქვს. ჩემს ზოგიერთ ფეხბურთელს უკვე მოუწია სამი მატჩი სრულად ჩატარება რვა დღეში. პორტუგალიასა და ჩვენს მომდევნო მატჩს შორის დიდი სხვაობა არ არის. ვგრძნობ, რომ ზოგიერთი მოთამაშე განსაკუთრებულად დაღლილია. ზოგი კი ძალიან კარგად გრძნობს თავს. მომდევნო დღეებს უნდა დაველოდოთ, რათა ვნახოთ, როგორ მოახერხებენ ისინი აღდგენას. შესაძლოა, გუნდს განახლება სჭირდება ახალი ფეხბურთელებისგან, მაგრამ ჯერ კიდევ გვაქვს ცოტა დრო და პასუხის გაცემისგან თავს შევიკავებ.

…ესპანეთთან დაპირისპირებაზე: ”ბოლო 3 წელიწადში ესპანეთთან 4-ჯერ ვითამაშეთ და 4-ჯერ წავაგეთ. განსაკუთრებით გვახსოვს 1:7 წაგება საქართველოში. ვიცით, რომ ძალიან რთული თამაში იქნება. ტურნირის დაწყებიდან ჩანს, რომ ესპანეთი საუკეთესო გუნდია. ამ მატჩშიც მოედანზე ისე გავალთ, როგორც პორტუგალიასთან შეხვედრაში გავედით. ყოველგვარი წნეხის გარეშე, ვეცდებით, რომ სწორად და ერთად გავაკეთოთ რაღაცები მთლიანად გუნდმა. ფეხბურთის ისტორიაში კი ბევრი სიურპრიზი გვინახავს. კიდევ გავიმეორებ, დასაკარგი არაფერი გვაქვს. ვფიქრობ, მოთამაშეები აღფრთოვანებულები არიან, რადგანაც ესპანეთის ასეთ გუნდთან გვიწევს შეხვედრა. არაფრის მეშინია, თუ წავაგებთ და ვერ ვითამაშებთ ისეთივე ფეხბურთს, როგორც პორტუგალიასთან მატჩში ვითამაშეთ. შემიძლია მაინც ვთქვა, რომ ჩვენთვის ამ ტურნირზე ნაჩვენები შედეგი ყველა მოლოდინს აღემატება”.

…ხვიჩა კვარაცხელიაზე: კვარაცხელია ჩვენი ლიდერია, ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე. როცა ამ დონის ტურნირზე ხართ, თქვენი საუკეთესო მოთამაშე იბრძვის და არ გამოდის ისეთი თამაში, როგორიც სურს, ეს რთულია. არ ჰქონდა მას ძალიან კარგი მატჩები თურქეთთან და ჩეხეთთან, პორტუგალიასთან მატჩამდე ვისაუბრეთ და ვუთხარი, რომ ისე ეთამაშა, როგორც ამას 17 ან 18 წლის ასაკში აკეთებდა. ბევრი არ იფიქრო და უბრალოდ ითამაშე. პორტუგალიასთან უბრალოდ ფანტასტიკური იყო.

…გიორგი მამარდაშვილზე: ვიცი, რომ პრემიერლიგა მსოფლიოს საუკეთესო ლიგაა. ფეხბურთის დონე ამ ლიგაში ძალიან მაღალია, მაგრამ ის თამაში, რასაც გიორგი მამარდაშვილი ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას გვაჩვენებს და რასაც ის ორი წელია ვალენსიაში თამაშისას გვაჩვენებს, არ გამიკვირდება, თუ იმავე დონეზე ითამაშებს პრემიერლიგაში. მას ამას ვუსურვებ. იცით, მან ძალიან გრძელი გზა გაიარა. ვალენსიაში ორი წლის წინ მეოთხე მეკარედ მივიდა, ორი თვის შემდეგ პირველი მეკარე გახდა. მისი თამაში ფანტასტიკურია.

…მომავალ სამსახურზე: ჩემს ტელეფონს ამ დროის განმავლობაში ხმა გამოვურთე. ჩემთვის პრივილეგიაა ამ ბიჭების მწვრთნელი ვიყო, რომლებიც 3 წელზე მეტია დიდ სიამოვნებასა და სიხარულს მანიჭებენ. ძალიან ბედნიერი ვარ საქართველოში. ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ფანტასტიკურ ტურნირში მონაწილეობას ვიღებ. არ ვიცი მომავალში რა მოხდება, რადგანაც არასდროს არ იცი, რა მოხდება ფეხბურთში, მაგრამ ახლა ბედნიერი ვარ საქართველოში.

საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს. მერვედფინალური შეხვედრა 30 ივნისს გაიმართება და თბილისის დროით 23:00-საათზე დაიწყება.

ასევე იხილეთ