გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ჩართულობით, საქართველოს აკვაკულტურის მდგრადი განვითარების 2024-2028 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმის პროექტები შეიმუშავა. აღნიშნული დოკუმენტები სამოქალაქო კომიტეტის წევრებს, დარგის სპეციალისტებს, ასოციაციების წარმომადგენლებს და ფერმერებს გააცნეს.
კომიტეტის შეხვედრას, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, ევროკავშირის, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე ესწრებოდა.
მინისტრის მოადგილემ ქვეყანაში აკვაკულტურის განვითარებისთვის ბოლო წლებში გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელობიდან გამომდინარე, სამინისტროს სტრუქტურაში აკვაკულტურის განვითარების ერთეული შეიქმნა.
„საქართველოს აკვაკულტურის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს; შესაბამისად, ჩვენი მიზანია, არსებული შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვიყენოთ. ქვეყანაში აკვაკულტურის განვითარების და საექსპორტო შესაძლებლობების გაზრდის მიმართულებით სამინისტროს კონკრეტული გეგმები აქვს დასახული. შემუშავებული სტრატეგია, ვფიქრობ, ღირებული დოკუმენტია, რომელზე დაყრდნობითაც დარგში დასაქმებული ფერმერების ხელშეწყობა, შესაძლებლობების ზრდა და სწორი აქცენტების განსაზღვრა მოხდება“, – აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ.
საქართველოს აკვაკულტურის მდგრადი განვითარების 2024-2028 წლის სტრატეგია ათ ძირითად ამოცანას მოიცავს, მათ შორის, თევზის ბუნებრივი რესურსების და მოქმედი აკვაკულტურის მეურნეობების ინვენტარიზაციას; პერსპექტიული თევზის სახეობებისა და წყლის ეკოსისტემების ფონდის განსაზღვრას; აკვაკულტურის წარმოების მდგრადი მეთოდების დანერგვას და ეკოლოგიურად მიზანშეწონილი ახალი მიმართულებების განვითარებას; აკვაკულტურის დარგის სპეციალისტების მომზადებას, გადამზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას; საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარებას, ახალი საწარმოო სისტემების შექმნას და არსებული სისტემების მოდერნიზაციას; წარმოებული თევზის პროდუქტების ხარისხის გაუმჯობესებას და უსაფრთხოების მოთხოვნების დაკმაყოფილებას; საქართველოში წარმოებული აკვაკულტურის პროდუქციის რეალიზაციისათვის წარმატებული მარკეტინგული მიდგომების განვითარებას.
აღსანიშნავია, რომ აკვაკულტურის განვითარება სამინისტროსთვის პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს; 2020 წელს ქვეყანაში აკვაკულტურის შესახებ კანონი ამოქმედდა, 2023 წელს კი, საზღვაო აკვაკულტურის ფერმერების მოსაწყობად, აჭარის, სამეგრელოს და გურიის სანაპირო ზოლში 8 ლოკაცია გამოიყო. გადადგმული ნაბიჯების შედეგად, 2024 წელს, ევროკავშირმა საქართველოს სახელმწიფო უწყებების მიერ გაცემული თევზჭერის სერტიფიკატები ოფიციალურად აღიარა, რამაც ქართველ მეწარმეებს ზღვაში დაჭერილი თევზისა და თევზჭერის პროდუქტების ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის შესაძლებლობა მისცა.