leaderboard_below_slide
left_sabechdi

ესპანეთის ნაკრების მცველი: კვარაცხელიამ ჩვენთან გამარჯვებაზე, ალბათ, ეიფორიის დროს ილაპარაკა

“ესპანეთის ნაკრებს საქართველოსთან ჩავარდნის უფლება არ გააჩნია”, – ამის შესახებ ლევერკუზენის „ბაიერის“ მცველმა ალეხანდრო გრიმალდომ ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალურ დაპირისპირებამდე განაცხადა.

„ვიცით, რომ ახლა მივიღებთ ყველაფერს ან არაფერს. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ შეგვიძლია, საქართველოსთან დავმარცხდეთ. ეს ზეწოლა საფასურია იმისთვის, რომ ესპანეთის ნაკრების მაისურს ვატარებთ, რადგან ყოველთვის გამარჯვებას ვცდილობთ. საამისოდ მეტოქეს პირველი წუთებიდან უნდა შევუტიოთ და გავიმარჯვოთ, ჩავარდნის უფლება არ გაგვაჩნია.

რას ვიტყვი კვარაცხელიას სიტყვებზე, რომ საქართველოს ნაკრებს ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია? ეს, ალბათ,  ეიფორიის მომენტში თქვა, რასაც ნორმალურად მივიჩნევ. ყველა ძლიერი მოთამაშის მენტალიტეტშია ამბიცია, რომ ნებისმიერი მოწინააღმდეგე დაამარცხოს.

ჩვენ საკუთარ თავზე ვფიქრობთ. ვიცით, რომ მზად ვართ საქართველო დავამარცხოთ. თუ კარგ თამაშს ჩავატარებთ, მომდევნო ტურში გასვლის კარგი შანსი გვექნება. ამიტომ კონცენტრირებულები ვართ საკუთარ თავზე და არა მეტოქეზე.

საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე 7:1 დავამარცხეთ. ამის მიუხედავად, არ მჯერა, რომ კიოლნში გასამართი მატჩიც ანალოგიურად წარიმართება. ფეხბურთში ყველაფერი სწრაფად იცვლება და ვიცით, რომ ძალიან რთული შეხვედრა გველის. ამიტომ შეცდომები არ უნდა დავუშვათ. გუნდი ძალიან მოტივირებულია და დარწმუნებულია, რომ შესანიშნავ თამაშს ჩავატარებთ და მეოთხედფინალში გავალთ.

ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ გერმანიაში ევროპის ჩემპიონატის მოსაგებად ჩამოვედით და მიზნისკენ მივიწევთ, მაგრამ ვიცით, რომ თამაშიდან თამაშამდე ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ და დიდი სიხარული აუცილებლად მოვა“, – ამბობს ესპანეთის ნაკრების მცველი.

ასევე იხილეთ