დიმიტრი ხუნდაძე: მიხეილ სააკაშვილის საპყრობილიდან დახსნა, LGBT პროპაგანდა, სასამართლო სისტემის „დათრევის“ მცდელობა და აგენტების დაფინანსებით შიდა პოლიტიკის ფორმირება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მტრობით არის განპირობებული
„მის ლობისტებს თუ ასე სურთ, რომ მიხეილ სააკაშვილი დამსახურებულ სასჯელს არ იხდიდეს, მაშინ მისთვის დამატებით დანაშაულში თავადვე ხელი არ უნდა შეეწყოთ და დესტაბილიზაციის მოსაწყობად საქართველოში უკანონოდ არ უნდა შემოეყვანათ“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს. დიმიტრი ხუნდაძე ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას ინიციატივას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი უნდა შეიწყალოს.
„მიხეილ სააკაშვილის საპყრობილიდან დახსნა, LGBT პროპაგანდა, სასამართლო სისტემის „დათრევის“ მცდელობა, აგენტების დაფინანსებით შიდა პოლიტიკის ფორმირება და საქართველოს მეორად ქვეყნად ქცევა, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მტრობით არის განპირობებული და ამის საპასუხოდ ღია პოლიტიკის წარმოება და საზოგადოების ინფორმირებულობა გადაუდებლად აუცილებელია. დეზინფორმაციული კამპანია დესტრუქციული ოპოზიციისა და მათი ლობისტების მხრიდან კიდევ უფრო გამძაფრდება, რომ საზოგადოებას არჩევნებში გამოუსწორებელი შეცდომა დააშვებინონ, მაგრამ ეს რომ ასე არ მოხდეს, „ხალხის ძალა“ სიმართლის თქმის პოლიტიკას კიდევ უფრო გააძლიერებს“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.