top_leaderboard
left_sabechdi

საქართველო ევროპის ჩემპიონატს ღირსეულად დაემშვიდობა

ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა და ევრო 2024 ღირსეულ ბრძოლაში დაასრულა. პირველი გოლი ესპანელთა კარში გავიდა, თუმცა საბოლოოდ საქართველო 1:4 დამარცხდა.

რობინ ლე ნორმანდის ავტოგოლი მიმდინარე ევრო 2024-ზე მერვე იყო.
ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი გოლი გაუშვა. ჯგუფურ ეტაპზე ლუის დე ლა ფუენტეს გუნდმა სამიდან სამი მატჩი მოიგო და ხუთი გოლი გაიტანა.
როდრისთვის საქართველოს ნაკრების კარში გატანილი გოლი პირველი იყო დიდ საერთაშორისო ტურნირებზე.
გიორგი მამარდაშვილმა ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ 9 სეივი დააგროვა, ტურნირის მანძილზე კი მან 30-ჯერ მოიგერია კარში დარტყმული ბურთი.

ჩვენი გუნდის ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა პორტუგალიასთან ნათამაშები სასტარტო შემადგენლობა არ შეცვალა. ესპანელები დიდი ძალებით უტევდნენ, მომენტებიც შექმნეს, მაგრამ მამარდაშვილი საიმედოდ იცავდა კარს. ანგარიში კი ჩვენმა გუნდმა გახსნა – მე-18 წუთზე სწრაფ კონტრშეტევაზე კაკაბაძის ფლანგური გადაცემის შემდეგ ბურთი კვარაცხელიასკენ მიდიოდა, როდესაც ლე ნორმანდმა საკუთარ კარში ჩაჭრა.

ესპანელებს რამდენიმე წუთის განმავლობაში ჩვეულ რიტმში დაბრუნება გაუჭირდათ. თუმცა შემდეგ კვლავ მთელი ძალებით შეუტიეს. მამარდაშვილი ისევ სასწაულების სჩადიოდა. თუმცა 39-ე წუთზე საქართველოს ნაკრები გოლისგან ვერ იხსნა: საჯარიმოს სიახლოვიდან როდრიმ ზუსტი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. ამ დროს მის წინ ოთარ კიტეიშვილი იდგა, მაგრამ ტრავმის გამო მოძრაობა უჭირდა და საბოლოოდ, შესაცვლელი გახდა, ტაიმი კი ფრედ დასრულდა 1:1. კიტეიშვილი სანდრო ალთუნაშვილმა შეცვალა.

შესვენების შემდეგ პირველი მომენტი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა შექმნეს. კონტრშეტევაზე კვარაცხელიამ წინ გამოსული მეკარე შენიშნა და მოედნის ცენტრიდან დაურტყა, მაგრამ ბურთი კარს მცირე მანძილით ასცდა.

51-ე წუთზე ესპანეთს გოლის გატანის კარგი შანსი მიეცა და ისარგებლა კიდეც: იამალის გადაცემის შემდეგ კარის წინ ფაბიან რუისი გაიხსნა და ზუსტი თავური დარტყმით ესპანეთი დააწინაურა – 2:1.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა თამაშის სურათის შეცვლა დავითაშვილის, ზივზივაძის, კვეკვესკირისა და წიტაიშვილის შეყვანით სცადა, თუმცა ესპანეთის შეჩერება შეუძლებელი აღმოჩნდა. ჩენმა მეტოქემ კონტრშეტევაზე მესამეც გაიტანა. 75-ე წუთზე სხვაობა ნიკო უილიამსმა გაზარდა – 3:1.

ასე დასრულდა საქართველოს ნაკრების საამაყო თავგადასავალი ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე. გამოცემა „პლანეტ ფუტბოლმა“ დაწერა – „სად იყავი აქამდე საქართველო?“. დებიუტანტმა გუნდმა გულიანი, ეფექტური და სწრაფი თამაშით მსოფლიოს მასშტაბით უამრავი გულშემატკივარი გაიჩინა. ტიტულისკენ გზა კი ესპანეთის ნაკრებმა განაგრძო. „ფურია როხა“ მეოთხედფინალში მასპინძელ გერმანიას შეხვდება. ეს მატჩი 5 ივლისს 20 საათზე დაიწყება.

ასევე იხილეთ