top_leaderboard
left_sabechdi

მიმდინარე წლის 29 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ავთანდილ ჯორბენაძის მემორიალური, რეზიდენტთა პირველი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

მიმდინარე წლის 29 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ავთანდილ ჯორბენაძის მემორიალური, რეზიდენტთა პირველი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.

🔵 კარდიოლოგიის რეზიდენტებისათვის სამეცნიერო კონფერენცია ავთანდილ ჯორბენაძის მიერ, მისივე სიცოცხლეში პირადი ინიციატივითა და პატრონაჟით დაიგეგმა აკად. გ. ჩაფიძის სახელობის „გადაუდებელი კარდიოლოგიის“ ცენტრისა და ნ. ბოხუას სახელობის „კარდიოვასკულური ცენტრის“ პროფესორების, ზურაბ ფაღავას და რუსუდან აგლაძის ურთიერთთანამშრომშრომლობის საფუძველზე. კონფერენციის მიზანი ახალგაზრდა ექიმების სამეცნიერო მუშაობის მოტივაციის, თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავების, ანალიტიკური აზროვნების ჩამოყალიბების, პრეზენტაციისა და დისკუსიის უნარის გაზრდაა.

➡️ შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა „გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა რევაზ ჯორბენაძემ, საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტმა არჩილ ჩუხრუკიძემ, პროფესორმა ალექსანდრე ალადაშვილმა, პროფესორმა ზურაბ ფაღავამ. დამსწრე საზოგადოებას ასევე მიესალმნენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი როინ მეტრეველი და თსსუ პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია.

🔷 ღონისძიებას ესწრებოდნენ ავთანდილ ჯორბენაძის ოჯახის წევრები, მათ შორის, მეუღლე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ნინო ვეფხვაძე, მეგობრები, საზოგადო მოღვაწეები, კარდიოლოგთა საზოგადოების გამგეობის წევრები, კლინიკების წამყვანი სპეციალისტები. მათ ისაუბრეს ბატონი ავთანდილის ღვაწლზე საქართველოში მედიცინის არაერთი დარგის განვითარების საქმეში ჩვენი ქვეყნის მეტად რთულ პერიოდებში, ასევე მის განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე ახალგაზრდა თაობის სწავლა – განათლებაში, დახელოვნებისა და წარმატებულ სპეციალისტებად ჩამოყალიბების ხელშეწყობაში.

✅ საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების ეგიდით მიმდინარე სამეცნიერო კონფერენციაზე თორმეტმა რეზიდენტმა, კლინიკების წამყვანი სპეციალისტების ხელმძღვანელობით, მაღალ აკადემიურ დონეზე წარმოადგინეს კლინიკური შემთხვევები თავიანთი პროფესიული გამოცდილებიდან, ისაუბრეს კარდიოლოგიის, ინტერვენციული კარდიოლოგიის, კარდიოქირურგიის, რიტმოლოგიის და კარდიოონკოლოგიის თემებზე.

ვინაიდან სარეზიდენტო სწავლება საპასუხისმგებლო ეტაპს წარმოადგენს მაღალკვალიფიციური საექიმო კადრების ჩამოყალიბებაში, სამეცნიერო კონფერენციას მიენიჭა ავთანდილ ჯორბენაძის სახელი და იგი ყოველწლიურად, ფართო მასშტაბით ჩატარდება აკად. გ. ჩაფიძის სახელობის „გადაუდებელი კარდიოლოგიის“ ცენტრის, ნ. ბოხუას სახელობის „კარდიოვასკულური ცენტრისა“ და კარდიოლოგთა საზოგადოების ეგიდით. საზოგადოების პრეზიდენტის არჩილ ჩუხრუკიძის განცხადებით, კონფერენციას უწყვეტი სამედიცინო და დიპლომისშემდგომი განათლების ფარგლებში კარდიოლოგთა საზოგადოების სამუშაო ჯგუფი გაუწევს ორგანიზებას და მასში მონაწილეობა შეეძლება ნებისმიერ მსურველ რეზიდენტს კარდიოლოგიასა და მომიჯნავე სპეციალობებში.

ღონისძიების დასასრულს რევაზ ჯორბენაძემ სერტიფიკატი და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა ყველა მონაწილეს ავთანდილ ჯორბენაძის მემორიალურ, რეზიდენტთა პირველ სამეცნიერო კონფერენციაში აქტიური მონაწილეობისათვის.

ასევე იხილეთ