ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში საქართველოს შესახებ დამატებული შესწორებები გააკრიტიკა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე სიტყვით გამოვიდა და საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში სახელწოდებით „ეუთო-ს როლი მიმდინარე უსაფრთხოების არქიტექტურაში: საპარლამენტო პერსპექტივა“ – საქართველოს შესახებ დამატებული შესწორებები გააკრიტიკა.
„სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ, როდესაც დავრეგისტრირდი დებატებზე, ვგეგმავდი მესაუბრა შავი ზღვის რეგიონში არსებულ, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ვითარებაზე, მაგრამ პირველ და მესამე კომიტეტებში ახლახან განვითარებულმა მოვლენებმა ჩემი გეგმა შეცვალა. გუშინ, სხვაგვარად ძალიან დაბალანსებულ და კარგ რეზოლუციებში რამდენიმე შესწორების შეტანით, საქართველოზე უსაფუძვლო თავდასხმა განხორციელდა:
უპირველეს ყოვლისა, ეუთოს არეალში წელს დაგეგმილი ორი ათეული არჩევნებიდან და ამ შემოდგომაზე გასამართი 8 არჩევნებიდან რატომღაც მხოლოდ საქართველოს შემთხვევა გამოიყო და საქართველოში არჩევნების ღირსეულად ჩატარება დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ, რითაც, ფაქტობრივად, 4 თვით ადრე მისი განზრახ დისკრედიტაცია მოხდა. ჩამატებული შესწორება ასევე გულისხმობდა იმას, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ განხორციელებული სადამკვირვებლო მისიები არაეფექტური და არასაკმარისად ძლიერი იყო. ეს, სულ მცირე, ამ ორგანიზაციის მუშაობას დადებითად არ აფასებს.
ამასთან ერთად, კიდევ ერთმა შესწორებამ გამოყო საქართველოში არსებული პოლარიზაცია და ამის გამო ჩვენი ხელისუფლება გააკრიტიკა. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია ეუთო-ს წევრ ბევრ სხვა სახელმწიფოში უფრო მწვავედაა, ამაზე არავინ ამახვილებს ყურადღებას და მხოლოდ საქართველოს შემთხვევას აღნიშნავს. მე ამას ვიღებ, როგორც მიზანმიმართულ თავდასხმას ჩემს ქვეყანაზე, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა მრავალ ბრალდებაზე, თითქოს, მაგალითად, ახალი კანონი გამჭვირვალობის შესახებ შეზღუდავს სიტყვისა და შეკრების თავისუფლებას, რაც, პირდაპირ რომ ვთქვათ, ტყუილია. საფრანგეთმა და კანადამ, რომლებიც ასევე ამ ასამბლეის წევრები არიან, მიიღეს მსგავსი კანონები გასულ თვეში, მაგრამ მე არ მინახავს არც ერთი მათგანი ნახსენები რეზოლუციებში, რაც მაფიქრებინებს იმას, რომ აქაც შეგნებულად მოხდა საქართველოს გამოყოფა. მიუხედავად ყველაფრისა, ყველა ეს ცვლილება არ არის ჩვენთვის ისეთი მწვავე, როგორიც ის, რომელიც საქართველო-რუსეთის კონფლიქტს ეხება. მე თვითონ რომ არ ვყოფილიყავი ამ პროცესის თვითმხილველი, ვიფიქრებდი, რომ ეს შესწორება და მისი ფორმულირება რუსეთის დუმას წევრებისგან მოდიოდა, მაგრამ შემდეგ გამახსენდა, რომ რუსები აქ არ არიან. ტექსტის ისეთი ფორმულირება, როგორიც დაემატა პარაგრაფს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით არის ზუსტად იმგვარი, როგორსაც რუსეთი, ბოლო 16 წელია ცდილობს წარმოაჩინოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში – რომ თითქოს რუსეთი არ არის კონფლიქტის მხარე და მე ვციტირებ ტექსტს შესწორებიდან – თბილისის მიერ კონტროლირებადი საქართველოს, აფხაზეთისა და ოსეთის შერიგებაა საჭირო. აბზაცში წერია, რომ კონფლიქტში სამი მხარეა – უცნაურად კონსტრუირებული ტერმინი, თბილისის მიერ კონტროლირებადი საქართველო, აფხაზეთი და ოსეთი. აქამდე მეგონა, რომ ეს ორგანიზაცია აღიარებდა მხოლოდ ერთ საქართველოს – საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ვფიქრობდი, რომ ბოლო 4 წელია სწორედ ასეთ ორგანიზაციას წარმოვადგენდი. ახლა, როგორც ჩანს ამ ასამბლეას ჰგონია, რომ არსებობს თბილისის მიერ კონტროლირებადი საქართველო (აბსოლუტურად მიუღებელი ტერმინი), ერთი მხრივ და აფხაზეთი და ოსეთი, მეორე მხრივ. ეს ყველაფერი, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან გულსატკენია. ცვლილება ასევე გულისხმობს იმას, რომ რუსეთი ცდილობს კონფლიქტის მოგვარებას სხვადასხვა არხით, რაც ასევე დეზინფორმაციაა და ჟენევის ფორმატში რუსეთის დესტრუქციული ქცევის „სახის შენახვას“ გულისხმობს. ეს ყველაფერი სერიოზულად შემაშფოთებელია თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეუთო არის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე და ამერიკის შეერთებული შტატები (რომლის წარმომადგენლებიც არიან ამ ცვლილების ავტორები) არის ჟენევის ფორმატის წევრი და ჩემი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი. სიტყვების ამგვარი ფორმულირებით რეზოლუციაში შეტანა ეწინააღმდეგება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ეუთო-სა და ამერიკის შეერთებული შტატების გაცხადებულ პოლიტიკას.
უცნაური და საოცარია ისიც, რომ საქართველოს წინადადება – საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია შესულიყო იმ ცვლილებაში, რომლებიც რუსეთის მავნე ქმედებებზე საუბრობს – უარყოფილი იქნა. საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ასე მწვავედ შელახვის გამო, ჩვენ ხმას მივცემთ საბოლოო დეკლარაციის წინააღმდეგ. მე ძალიან კარგად ვიცი, რომ ჩვენი ხმა არ არის გადამწყვეტი, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ – ძალიან პატარა დელეგაციით, რაც მარტივად დაძლევადია. ამის მიუხედავად, ჩვენ ღიად უნდა დავაფიქსიროთ, რომ ეს შესწორებები არა ფაქტებსა და მტკიცებულებებზე დამყარებული, არამედ მიკერძოებულია. ძალიან სამწუხარო და გასაბრაზებელია ის, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში რუსეთის წისქვილზე მოხდა წყლის დასხმა, თუმცა, ჩვენი მიზანდასახულობა ურყევია და ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის დასაცავად“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ სიტყვით გამოსვლისას.