top_leaderboard
left_sabechdi

გელა ზედელაშვილი: ბატონო ბიძინა, გუშინდელ ღონისძიებაზე არ აღმოჩნდა ერთი ადამიანიც კი, რომელიც გამოვიდოდა და მხოლოდ ერთ სიტყვას გეტყოდათ – მადლობა!

„ბატონო ბიძინა… როგორ გითხრათ, გუშინდელი ამბები იმიტომ მოგიყევით, რომ მიუხედავად ასეთი პომპეზური ზეიმისა, მიუხედავად გაბრწყინებული დედაქალაქისა, მაინც დამწყდა გული ერთ რამეზე… არც კი ვიცი, რა დავარქვა – უმადურობა? ვირეშმაკობა? არაკაცობა? მოდით, მე ვიტყვი და დანარჩენი მოსახლეობამ განსაჯოს“, – ამის შესახებ ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალური ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„გამარჯობა, ბატონო ბიძინა!

გუშინ ჩვენს დედაქალაქში დიდი ზეიმი იყო. ფეხბურთელები დაბრუნდნენ ევროპის ჩემპიონატიდან და საღამოს გრანდიოზულად აღვნიშნეთ.

ბიჭები ღია ავტობუსით წამოვიდნენ ვაკიდან და ძლივს მოაღწიეს თავისუფლების მოედნამდე, ზღვა ხალხი იყო, ნემსი არ ჩავარდებოდა.

მადლობა ბიჭებსო, მადლობაო, – ისმოდა ყოველ ნაბიჯზე და ეს იყო ძალიან კარგი. საერთოდ, ძალიან კარგია, როცა შენს ქვეყანაში ხალხს რაღაც უხარია. რაღა დაგიმალოთ და… ამ ქვეყნის მოსახლეობა დაიღალა „ნაცების“ მრავალწლიანი პროვოკაციებით, ღალატითა და მარაზმით. ამიტომ, ეს ზეიმი იყო სრულიად ბუნებრივი.

მართალია, ჩემპიონები ვერ გავხდით (ეგ საქმე სამომავლოდ გადავდეთ, ახლა მსოფლიოს ვუმიზნებთ), მაგრამ „ჩემპიონური“ ღონისძიება კი გამოგვივიდა – ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენს თვალწინ უცებ იმდენი გმირი დაიბადა, იმდენი ერისკაცი გაჩნდა, იმდენი ღირსეული გამოჩნდა, ვეღარც კი ვითვლით. აღარაფერს ვამბობთ პატრიოტებსა და ევროპიელებზე.

არ დაიჯერებთ, სცენაზე სალომე ბაბოც ავიდა პირგამეხებული, მე პირადად თვალები დავხუჭე, გულმა რეჩხი მიყო, ემანდ არაფერი წამოროშოს-მეთქი, მაგრამ მგონი გადავრჩით.

***

მოკლედ, გამოვიდა სალომე ბაბო, მიანათეს თვალებში მწვანე ლაზერი, დაუკრეს რაღაცნაირი ტაში, რომელიც გინებას უფრო ჰგავდა, გახსნა ცალი ყბა, გამოაჩინა სამიოდ კბილი და ისაო, მე ეგეთი საქართველო მინდაო.

ახლა, ამან რა უნდა გამომაპაროს?

ამ წუთას როა, ეგეთი საქართველო მინდაო… მე მაგითვინ ვიღწვიო… ახლა კი არის წუთიერად ერთიანი, მაგრამ ხვალ დილით სხვანაირი იქნებაო, ცუდიო, ოლიგარქიულიო, მონურიო.

მერე კი… მერე დადგა და ჩამოარიგა „ღირსების მენდლები“. ხომ იცით, თავიდან არ აპირებდა, ყველასთვის მიეცა, ვიღაცის რჩევით გამოხშირვა დაიწყო, მაგრამ ნახა რა მოსახლეობის რეაქცია, გადაიფიქრა.

***

ბატონო ბიძინა… როგორ გითხრათ, გუშინდელი ამბები იმიტომ მოგიყევით, რომ მიუხედავად ასეთი პომპეზური ზეიმისა, მიუხედავად გაბრწყინებული დედაქალაქისა, მაინც დამწყდა გული ერთ რამეზე… არც კი ვიცი, რა დავარქვა – უმადურობა? ვირეშმაკობა? არაკაცობა? მოდით, მე ვიტყვი და დანარჩენი მოსახლეობამ განსაჯოს:

მთელმა დუნიამ გაიგო და იცის, რაც თქვენ გაუკეთეთ და როგორი სტიმულიც მიეცით ჩვენს ფეხბურთელებს და არა მხოლოდ ფეხბურთელებს. ალბათ ის მილიონები ყველაზე გადანაწილდება, ვინც კი გუნდთან ერთად იმყოფებოდა გერმანიაში.

ეგ საჩუქარი ყველამ მიიღო, ყველამ შეირგო და ღმერთმა შეარგოთ, მაგრამ… აი, აქ არის ყველაზე მნიშვნელოვანი „მაგრამ“… გუშინდელ ღონისძიებაზე არ აღმოჩნდა ერთი ადამიანიც კი, რომელიც გამოვიდოდა და მხოლოდ ერთ სიტყვას გეტყოდათ – მადლობა!

***

არა, არა, ვიცი, თქვენ ასეთი რაღაცები არ გიყვართ, მაგრამ ეს ჩვენთვის, მაყურებლებისთვის, საზოგადოებისთვის, მოსახლეობისთვის იყო საჭირო, რათა ამ ყოჩაღ ბიჭებსა და გოგოებში მადლი დაგვენახა.

დიახ, ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვხედავდეთ მადლს, ჩვენი გოგობიჭები უნდა იზრდებოდნენ ამ მადლზე, თორემ რა გამოვიდა? ამ საქმეში უღმერთოები გვჯობნიან, ჩვენს გოგო-ბიჭებს უღმერთობაში წვრთნიან, ღვთის გმობას ასწავლიან და კარგად იცით, თუ ამას არ მივხედეთ, ძალიან ცუდად დაგვიმთავრდება.

***

აი, სულ ეს იყო, რის თქმაც ამ წუთას მინდოდა… დიდი მადლობა ყველაფრისთვის – მშვიდობისთვის, მოთმინებისთვის, ქველმოქმედებისთვის, კაცობისთვის და გამძლეობისთვის.

რაკი სცენიდან მადლობის თქმა ვერავინ გაბედა (ან კი გასაბედი რა იყო?) თუ არავის გაახსენდა, ჩვენ, საზოგადოება ვაკეთებთ ამას!“ – წერს გელა ზედელაშვილი.

ასევე იხილეთ