ირაკლი ქადაგიშვილი: ეუთოს რეზოლუცია ნაკლოვანი, ქართული სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისობაში არმყოფი რეზოლუციაა, როგორც დეოკუპაციის, ასევე დემოკრატიულობის კუთხით
“ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია თავიდან ბოლომდე ნაკლოვანი, ქართული სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისობაში არმყოფი რეზოლუციაა, როგორც დეოკუპაციის, ასევე დემოკრატიულობის კუთხით – ასეთი რეზოლუციები საკუთარ მრევლს დაუყარონ!”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.
“სპეკულანტური მანევრით წერენ: „რუსული ჯარი იქნას გაყვანილი“. რატომ „რუსული ჯარი“? – დაწერე, რომ ეს არის ოკუპანტი ჯარი! ეს სიტყვაა მთავარი, რა სიტყვის გამოყენებაც ევროპის სხვადასხვა სტრუქტურას ძალიან არ უნდა. ისეთი ლოზუნგები, როგორიცაა “ძირის გამოთხრა“, ჩვენ ბევრგან გვინახავს. ევროპაში არჩევნებს რომ გადავხედოთ, ერთი მხარე მეორე მხარეს ძირის გამოთხრაში, ქვეყნის ჩამოქცევასა და სახელმწიფოს განადგურებაში ადანაშაულებს. ასეა დაწყებული აშშ-დან, დასრულებული ინგლისით და საფრანგეთით, სადაც დღეს არჩევნები მიმდინარეობს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური ბრძოლის იარაღი. საქართველოში არასამთავრობო სექტორის მუშაობისთვის ყველა პირობაა, მაგრამ არასამთავრობო სექტორმა კეთილი ინებოს და რაზეც სხვას არიგებს ჭკუას, იმის მეასედი მაინც შეასრულოს“, – განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა ეუთოს მიერ მიღებული დოკუმენტის შეფასებისას.