უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ATACMS-ის რაკეტებს არანაირი ეფექტი არ აქვთ რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე აეროდრომების წინააღმდეგ მათი გამოყენების ნებართვის გარეშე. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„თუ ცვლილება არ მოხდება, მაშინ ATACMS-ის გამოყენებას აზრი არ აქვს. ამას აზრი არ აქვს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, რუსებს აქვთ ბაზები და სამხედრო აეროდრომები, რომლებსაც უკრაინის წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმებისთვის იყენებენ.
„საჭიროა შესაბამისი იარაღის მიწოდება [უკრაინისათვის], რომლითაც მათ სამხედრო აეროდრომებს დავარტყამთ. თუ აშშ არ მოგვცემს შესაძლებლობას, გამოვიყენოთ ეს იარაღი, მაშინ ამ იარაღს არანაირი ეფექტი არ ექნება“, – დასძინა მან.