leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი მამარდაშვილი: პირადად ჩემთვის ყოველთვის ოცნება იყო უწმინდესთან შეხვედრა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელში, საპატრიარქო რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს მიღებისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადეს.

„მადლობა იმისთვის, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვან გზაზე ყოველთვის ვგრძნობდით თქვენს მხარდაჭერას. ჩვენი გუნდისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თქვენი კურთხევა იგრძნობოდა გუნდში ყოველდღე და ყოველ თამაშზე. ეს წარმატება თქვენი კურთხევისა და უფლის წყალობის გარეშე ვერ მოვიდოდა“, – აღნიშნავს ლევან კობიაშვილი.

„პირადად ჩემთვის ყოველთვის ოცნება იყო უწმინდესთან შეხვედრა. დღეს ეს ოცნება ამიხდა და მადლობელი ვარ ამისთვის. რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს, ალბათ, არავინ ელოდა, რომ აქამდე გავიდოდით და ასეთ თამაშებს ვაჩვენებდით. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ყველას, რომ ამ რთული მატჩების დროს გვერდით გვედექით. მადლობა მთელ საქართველოს, რადგან გერმანიაში გამოჩნდა ის ქართული ძალა და სული, რაც გვაქვს. ეს ჩვენ ვიცოდით, მაგრამ მსოფლიოს ვაჩვენეთ“, – აღნიშნავს გიორგი მამარდაშვილი.

„რა თქმა უნდა, პატრიარქთან შეხვედრა ყოველთვის განსაკუთრებულია. დიდი მადლობა მას მასპინძლობისა და ლოცვა-კურთხევისთვის. ის ჩვენ მიმართ, ნაკრების მიმართ მხარდაჭერას ყოველთვის გამოხატავდა. ვფიქრობ, მისი ლოცვა-კურთხევა ევროპის ჩემპიონატზე მუდამ გვეხმარებოდა. პირადად ჩემთვის და თითოეული ჩვენგანისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ემოციური მომენტია“, – ამბობს ოთარ კიტეიშვილი.

ასევე იხილეთ