საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ეროვნული გუნდის ყოფილმა კაპიტანმა და მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ ევრო 2024-ზე „ჯვაროსნების“ გამოსვლა შეაჯამა.
„ამ ტურნირზე მოხვედრა უკვე დიდი წარმატებაა. სულ იყო ლაპარაკი, ქართველები რაღაცას რომ მივაღწევთ, ამით ვკმაყოფილდებით და მეტი არ შეგვიძლია. თუმცა ამ თაობის ფეხბურთელებმა გვაჩვენეს, რომ არ ჩერდებიან, მიღწეულით არ კმაყოფილდებიან და ცდილობენ, წინ წაიწიონ.
ეს იყო ჩვენთვის ყველაზე მთავარი მესიჯი – იზრდება ისეთი თაობა, რომელიც შედეგს არასოდეს დაკმაყოფილდება, ყოველთვის წინ იხედებიან და სულ უნდათ, ერთი ნაბიჯით წინ წავიდნენ.
მათ ბევრი ნაბიჯი გადადგეს წინ – ჯერ იყო ევრო 2024-ზე მოხვედრა, შემდეგ პირველი გოლი, პირველი ქულა და პირველი გამარჯვება, ჯგუფიდან გავედით და 16 საუკეთესო გუნდს შორის მოვხდით. მე ყველას ვულოცავ ამ დიდ წარმატებას“.