left_sabechdi

კონგრესმენი ჯერი კონოლი: მომავალი კვირა გადამწყვეტი იქნება ჯო ბაიდენისთვის

„დემოკრატმა“ კონგრესმენმა, ჯერი კონოლიმ განაცხადა, რომ მომავალი კვირა გადამწყვეტი იქნება პრეზიდენტ ჯო ბაიდენისთვის იმ საკითხების გადასაჭრელად, რომლებიც დონალდ ტრამპთან მისი დებატების შემდეგ წარმოიშვა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN ავრცელებს.

„დღეს საღამოს მას ინტერვიუ აქვს ჯორჯ სტეფანოპულოსთან. შაბათ-კვირას ის გაემგზავრება შუა დასავლეთში, სადაც საჯარო გამოსვლები ექნება. მომავალ კვირას NATO-ს სამიტია და მსოფლიო ლიდერები ვაშინგტონში ჩავლენ, რომელსაც პრეზიდენტი ბაიდენი უმასპინძლებს. მან ასევე დანიშნა პრესკონფერენცია ამ სამიტის ფარგლებში“, – აღნიშნა კონგრესმენმა.

კონოლის თქმით, მომდევნო კვირა ძალიან მეტყველი იქნება და ის მიიჩნევს, რომ ბაიდენმა უნდა გამოავლინოს „სიმახვილე, სიფხიზლე, იუმორი და სპონტანურობა“.

„თუ ის ამას ვერ შეძლებს, მაშინ, ვფიქრობ, რომ ჩვენ რთული არჩევანი გვექნება, როგორც პარტიას. ის, რისი გაკეთებაც ჩვენ არ შეგვიძლია, არის დონალდ ტრამპის სასარგებლოდ წაგება“, – დასძინა მან.

ასევე იხილეთ