leaderboard_below_slide
left_sabechdi

ხატია წილოსანი: საქართველოს პროგრესი ნატოსთან ურთიერთობებში არასდროს ყოფილა ისეთი მაღალი ნიშნულის, როგორც ჩვენ გვაქვს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს

“საქართველოს პროგრესი ნატოსთან ურთიერთობებში არასდროს ყოფილა ისეთი მაღალი ნიშნულის, როგორც ჩვენ გვაქვს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ხატია წილოსანმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გაურკვეველი დროით გადადებასთან დაკავშირებით.

„ჩვენი პარტნიორობა ყოველთვის იყო სანიმუშო და სამაგალითო და ჩვენ ახლაც გვაქვს მოლოდინი, ამერიკის მთავრობა იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელიც დღეს არის ქვეყანაში, მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას, მიუხედავად იმისა, რომ იყო გარკვეული გამოწვევები და ორივე მხარეს ჰქონდა თავისი არგუმენტები ამ საკითხებთან მიმართებაში, ჩვენი მხრიდან ყოველთვის იყო მზაობა იმისა, რომ მაქსიმალურად პოზიტიური თანამშრომლობა შეგვენარჩუნებინა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და ამავდროულად, ჩვენ გვეპასუხა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის. ყველაზე კარგად აშშ-ს ესმის, რას ნიშნავს ეროვნული ინტერესებით მოქმედება. მე მაქვს მოლოდინი და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩვენი პარტნიორობა გაგრძელდება. როდესაც ჩვენ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება ორ მხარეს შორის დღეს არსებობდეს, სრული სიცხადე იქნება შეტანილი.

რაც შეეხება წვრთნების გადადებას, მინდა გავიხსენო წინა წლის მოვლენები. წინა პერიოდშიც იყო საქართველოსა და ამერიკის შეთანხმებით სამხედრო წვრთნების გადადება. მაშინაც იყო სპეკულაციები ოპოზიციის მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ ეს საქართველოს მიერ არასწორად გადადგმული ნაბიჯების გამო მოხდა. ვსაუბრობ მარტის მოვლენებთან დაკავშირებით, როდესაც პირველად იყო ინიცირებული უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონი. მაშინაც დროში დაემთხვა სამხედრო წვრთნების გადადება. მაშინ საელჩოს მოუხდა განმარტების გაკეთება, რომ არაფერი უჩვეულო ამაში არ იყო და ეს გადაწყვეტილება ერთობლივად იქნა მიღებული. აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩემთვის ნამდვილად სამწუხარო მოულოდნელობა იყო ის, რაც ვიხილეთ“, – განაცხადა წილოსანმა.

მისივე თქმით, აშშ-ის მიერ წვრთნების გადადებაზე გაკეთებული განცხადება მისთვის უცნაური იყო.

„ჩვენ გვაქვს ძალიან აქტიური თანამშრომლობა, კომუნიკაცია ნატოსთან და საქართველოს კონტაქტები, ურთიერთობები და პროგრესი ნატოსთან ურთიერთობებში არასდროს ყოფილა ისეთი მაღალი ნიშნულის, როგორც ჩვენ გვაქვს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. როდესაც ამ ორი მოვლენის ანალიზს ვაკეთებთ, ნამდვილად გულდასაწყვეტი და უცნაურია და ალბათ, ქართველი სამხედროებისთვისაა გაუგებარი ის გადაწყვეტილება, რაც ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა მიიღო. მიმაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს ისეთი ნაბიჯები გადადგმული, რომელიც შეიძლება აღქმული იქნას, როგორც რომელიმე პარტნიორის წინააღმდეგ მიმართული, – განაცხადა ხატია წილოსანმა.

 

ასევე იხილეთ