leaderboard_below_slide
left_sabechdi

ხატია წილოსანი: ვფიქრობ, პოზიტივისკენ გადატვირთვა აუცილებლად იქნება საქართველო-ამერიკის ურთიერთობებში

“ვფიქრობ, რომ გადატვირთვა აუცილებლად იქნება ამ ურთიერთობებში და გადატვირთვა იქნება პოზიტივისკენ, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ გავატაროთ სწორი პოლიტიკა ქვეყანაში”, – ამის შესახებ „ქრონიკასთან“ ინტერვიუში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ხატია წილოსანმა განაცხადა.

„მაქსიმალური ჩართულობა ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ მათი მხრიდანაც სწორად იყოს აღქმული ეს პროცესები. ჩვენთვის გასაგებია ასევე, რომ აი, ამ ურთიერთობების ამგვარ განვითარებაში თავისი დიდი წვლილი აქვს ოპოზიციასაც, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს დააზიანოს ქართული ინტერესი, მაქსიმალურად თამაშობს უარყოფით როლს საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გატარებისთვის ქვეყნის წინააღმდეგ და არაერთი განცხადება მოგვისმენია რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან, რომ მათი ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში მოხდება გადატვირთვა საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობებს შორის, მაშინ, როდესაც ჩვენ გვესმის ამერიკელი პარტნიორების მხრიდან, რომ არცერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალა არ დგას ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე მაღლა.

შესაბამისად, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ სწორად მოხდება გაანალიზება ქართველი ხალხის ნების გამოხატულების და სწორედ არჩევნების დასრულების შემდეგ, როდესაც „ქართული ოცნება“ შეძლებს, რომ დამაჯერებლად, ღირსეულად, კიდევ ერთხელ თავისი პასუხისმგებლიანი პოლიტიკის განხორციელების შესაძლებლობა მიეცეს, ჩვენი პარტნიორები ამას სწორად დაინახავენ, შეაფასებენ და ურთიერთობები, რომლებიც დღეს შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად ორივე მხარისთვის იმედგაცრუების საფუძველს შეიძლება წარმოადგენდეს, მომავალში გაცილებით უფრო სტაბილური, მეგობრული და საერთო ინტერესებზე ორიენტირებული გახდება“, – აღნიშნა მან.

 

ასევე იხილეთ