მამუკა მდინარაძე: ჩვენი მოქალაქეების უფლებები ძალიან პრინციპულად იქნება დაცული, განურჩევლად ცხოვრების წესისა, თუმცა, არატრადიციული ცხოვრების წესის მიზანმიმართული პროპაგანდა არის ის, რასთან დაპირისპირებაც ჩვენი პასუხისმგებლობაა
“თითოეული ჩვენი მოქალაქის უფლებები ძალიან პრინციპულად უნდა იყოს და იქნება დაცული, განურჩევლად ცხოვრების წესისა, თუმცა, არატრადიციული ცხოვრების წესის მიზანმიმართული პროპაგანდა არის ის, რასთან დაპირისპირებაც არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართული საზოგადოების და მისი მომავლის წინაშე,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ყველა, ვინც გრძნობს პასუხისმგებლობას ამ ღირებულებების წინაშე, ვალდებულია და მოვუწოდებთ აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში, მხარი დაუჭიროს ამ ინიციატივას, რომელიც ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის და მისი ზეგავლენის წინააღმდეგ არის მიმართული. საპარლამენტო უმრავლესობას მიაჩნია, რომ ამ პროპაგანდას აქტიურად უნდა დავუპირისპირდეთ და ამისათვის საკანონმდებლო მექანიზმებიც უნდა გამოვიყენოთ. შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს. კანონპროექტი უახლოესი 2 კვირის განმავლობაში მომზადდება და დაინიცირდება პარლამენტში. კანონპროექტში სრულად იქნება დაცული საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებული პრინციპები და ნორმები.“, – აღნიშნა მდინარაძემ.