top_leaderboard
left_sabechdi

გიორგი ვოლსკი: ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე ჰერჩინსკის ვერ დავეთანხმები, შესაძლოა, არის გაუგებრობები, გამჭვირვალობაზე სხვადასხვა პოზიცია, დაძაბულობის სხვა თემა არ არსებობს

„არასამთავრობო სექტორის მიმართ გამჭვირვალობის მოთხოვნის გამო ევროკავშირი და აშშ ჩვენ არ უნდა გვიწყრებოდნენ”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, შესაძლოა, არის გარკვეული გაუგებრობები, სხვადასხვა პოზიცია პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით, როგორიც არის გამჭვირვალობის მოთხოვნა, თუმცა დაძაბულობის სხვა თემა არ არსებობს.

გიორგი ვოლსკის განმარტებით, ვერ დაეთანხმება ევროკავშირის ელჩის განცხადებას, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია.

„რასაკვირველია, ჩვენ პასუხისმგებელი ვართ ყველაფერზე, მათ შორის იმ მაჩვენებლებზე, რომლებიც ახლახან მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა და რომლის მიხედვითაც, საქართველოს ყველა მიმართულებით შესანიშნავი მონაცემები აქვს. როგორ შეიძლება, ერთი მხრივ, კარგი რეიტინგი გქონდეს, ევროკავშირისა და NATO-ს წევრ არაერთ ქვეყანას უსწრებდე, მეორე მხრივ, დემოკრატიას აზიანებდე იმით, რომ გამჭვირვალობას ითხოვ. პაველ ჰერჩინსკიმ სწორედ ამის თაობაზე განაცხადა, რომ პროცესი შეჩერებულია, თუმცა პროცესის შეჩერებაზე ნამდვილად ვერ დავეთანხმები. შესაძლოა, არის გარკვეული გაუგებრობები, სხვადასხვა პოზიცია პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიც არის გამჭვირვალობის მოთხოვნა – დაძაბულობის რაიმე სხვა თემა, პრაქტიკულად, არ არსებობს. თუ 30 მილიონს საქართველოს ჯარში გასატარებელ ღონისძიებებს გამოართმევ და ლომჯარიასა და გიგაურს გადასცემ, რასაკვირველია, შეიძლება შეფასდეს, როგორც პირდაპირი მხარდაჭერა იმისა, რაზეც რადიკალურ ოპოზიციას ტაშ-ფანდური აქვს ატეხილი. როდესაც ევროკავშირი ასეთ განცხადებას აკეთებს იმის გამო, რომ გავბედეთ და გამჭვირვალობაზე საუბარი დავიწყეთ, არ მგონია, ევროკავშირის მხარეს ეს იმ ნიშნებით ახასიათებდეს, რის გამოც ჩვენ ევროკავშირში გაერთიანება გვინდა. სხვა რამეა, სხვა ფასეულობებია, რაზეც დღეს ჰერჩინსკი და მასთან ერთად ზუკა ბერძენიშვილი ლაპარაკობენ და სხვა ფასეულობებია ის, რის გამოც ჩვენ ევროკავშირისკენ მივისწრაფვით. 30 მილიონის ასე გამოყენება, რომ მას ჯარის პროგრამებს გამოართმევ და გადასცემ იმ სექტორს, რომელსაც ამ 30 მილიონის გამჭვირვალედ დახარჯვა არ უნდა, ევროკავშირის ავტორიტეტისთვის დამაზიანებელია. ჩვენ ვზრუნავთ, რომ სტაბილურობა შევინარჩუნოთ, ვზრუნავთ, რომ საქართველო ომის ქარ-ცეცხლში არ გაეხვეს. ამის წინაპირობა შეიქმნება, თუკი წარმატებას მოიპოვებს რადიკალიზმის პროცესი, რაც ჩვენ თბილისის ქუჩებშიც ვიხილეთ. არასამთავრობო სექტორის მიმართ გამჭვირვალობის მოთხოვნა არ უნდა იწვევდეს იმას, რომ ჩვენ ევროკავშირი და აშშ გვიწყრებოდნენ. მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა და კონსულტაციები, ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში ეს გამოსწორდება“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ასევე იხილეთ